ტექინსპექტირების სექტორის უმთავრესი გამოწვევებია პირველადი ინსპექტირების საფასური და კადრების ნაკლებობა. როგორც ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე გიორგი შიოლაშვილი აცხადებს, ბიზნესს ხარჯებთან გამკლავება უკვე უჭირს იმ ფონზე, რომ იზრდება ყველანაირი სახის გადასახადი.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას გიორგი შიოლაშვილი განმარტავს, რომ წინა წლებთან შედარებით, 2025 წელს მომართვიანობა 10-15%-ით გაიზარდა.

„აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად მატულობს რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა და შესაბამისად, ინსპექტირებული ავტომობილების რაოდენობაც იზრდება. ამასთან ერთად, იმის გამო, რომ გარკვეულწილად გამკაცრდა ადმინისტრირება, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა გაზრდილია“, - აცხადებს გიორგი შიოლაშვილი.

რაც შეეხება სექტორის პოზიციას, რომ ტექინსპექტირების საფასური უნდა გაიზარდოს, გიორგი შიოლაშვილი მიიჩნევს, რომ 90 ლარია ის მინიმალური თანხა, რომელიც ავტომფლობელებსაც ძალიან არ დაარტყამს და სექტორსაც დაეხმარება, განაახლოს ტექნიკური ბაზა და პროცესი კვალიფიციური კადრების მიერ ჩატარდეს.

„რა თქმა უნდა, გამოწვევები კვლავ არის, რაც დაკავშირებულია პირველადი საფასურის ზრდასთან. ასევე, კვალიფიციური კადრები საკმაოდ რთულად მოსაძიებელია სფეროში, მით უმეტეს, როცა დატრენინგებული თანამშრომელი მიდის და ტოვებს ტექინსპექტირების ცენტრს, ეს დიდი დარტყმაა კომპანიისთვის. შესაბამისად, პირველადი ტექინსპექტირების საფასურის გადახედვის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ არსებობს ეს პრობლემები და ასევე, ტექნიკური განახლების საკითხიც აქტუალურია. ამ მხრივ სიახლე არ გვაქვს, გარკვეული კომუნიკაცია იყო, თუმცა ჯერჯერობით ველოდებით ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნავს გიორგი შიოლაშვილი.

მისივე ინფორმაციით, უკვე დაწყებულია თავად ტექინსპექტირების ცენტრების შემოწმების პროცესი და საკმაოდ ბევრი ჯარიმაც გამოიწერა. კერძოდ, შიოლაშვილი განმარტავს, რომ ფიქსირდება სხვადასხვა ტიპის დარღვევა, მაგალითად, თუ რომელიმე პარამეტრი არ იქნა სათანადოდ შემოწმებული და ობიექტურად დაფიქსირებული, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებს, ცენტრი ჯარიმდება.