საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის II კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე10.3%-ით მეტია. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისდა სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით.

ამ მონაცემის მიუხედავად, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება კვლავ დაბალ ნიშნულზეა. თუ 2023 და 2024 წლების ორი კვარტლის ჯამურ მონაცემებს შევადარებთ დავინახავთ, რომ აქ კლება ფიქსირდება და ის 34%-ს შეადგენს.

რატომ უჭირს ქვეყანას უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა, პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა ,,კომერსანტის დილაში” ისაუბრა. გიორგი ხიშტოვანი აცხადებს, რომ ახალი ინვესტიციების მოზიდვა საქართველოს ეკონომიკის აქილევსის ქუსლია.

,,როდესაც ვსაუბრობთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, გვიწევს ვისაუბროთ რეინვესტირებულ თანხებზე, როდესაც უცხოური კაპიტალით შექმნილი ერთეულები საქართველოში საქმიანობით ნახულობენ მოგებას და ამ მოგებას ისევ კაპიტალში აბრუნებენ. უკანასკნელი წლებია რეინვესტირებული თანხები მნიშვნელოვნად აჭარბებს ახალ კაპიტალს. ინვესტიციების დინამიკა კლებადია, რაც არ არის გასაკვირი. წელს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური არჩევნები გველოდება. შეიძლება შეიცვალოს მმართველი პარტია. აქედან გამომდინარე, ზოგადად დიდი ინტერესიც, რომ იყოს საქართველოს მიმართ, სხვა თანაბარ პირობებში ყველა ინვესტორი დაელოდებოდა არჩევნების შედეგებს და მერე მიიღებდა გადაწყვეტილებას.’’- განაცხადა ,,კომერსანტის დილის“ ეთერში გიორგი ხიშტოვანმა.

მისივე განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით იზრდება, თუმცა არა უცხოური ინვესტიციების ხარჯზე. PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკლებობის სხვა მიზეზებიც დაასახელა. 

,,სამწუხაროდ, საქართველო გლობალური მასშტაბით, უფრო და უფრო ნაკლებად საინტერესო საინვესტიციო ქვეყანა ხდება. მიზეზები ასეთია. პირველ რიგში საქართველოში არის წუხილები სასამართლო სისტემასთან და სამართალწარმოებასთან დაკავშირებით. ხშირად გვესმის, რომ ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები უშვებენ ობლიგაციებს და ამ გზით იზიდავენ კაპიტალს. როგორც წესი, ობლიგაციების შემსყიდველები უცხოური ფინანსური ჯგუფები ან ინდივიდუალური პირები არიან. როგორც ჩანს, ასეთ საერთაშორისო მოთამაშეებს ურჩევნიათ ბანკების გავლით, ირიბად განახორციელონ ინვესტირება და გამოიყენონ სასესხო ინსტრუმენტები, ვიდრე შევიდნენ უშუალოდ კაპიტალში.’’- განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელია.

„ეკონომიკის ზრდის მიუხედავად ვერ შემოდის ახალი ინვესტიციები. ჩვენი ეკონომიკა ჯერ კიდევ არის განვითარების საწყის ეტაპზე. ჩვენ გვჭირდება ინოვაციები და ტექნოლოგიები. ინვესტიციები ამას უნდა ემსახურებოდეს. საქართველოში თუ შემოვა მაგალითად კომპანია ,,ბოში“, ეს ნიშნავს, რომ ტექნოლოგიები შემოვა ქართულ ეკონომიკაში. რამდენიმე წლის წინ საუბარი იყო ჩინურ ელექტრო მანქანებზე, ჯერ კიდევ მსოფლიოში არაფერი არ იცოდნენ ჩინურ მანქანებზე, მაშინ დაანონსდა ეს პროექტი საქართველოში. ეს იქნებოდა გარღვევა, თუმცა ჩინეთმა გადაწყვიტა, რომ ელექტრო მანქანების წარმოების ქარხნები უნგრეთში ააშენოს და არა საქართველოში. ეს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ჩავარდნაა“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, რომ არსებული ეკონომიკური პოლიტიკისა და არსებული ბიზნეს კლიმატის პირობებში ახალი ინვესტორებით საქართველოს დაინტერესება ძალიან რთულია. მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება მყისიერ ეფექტს მისცემს ქვეყანას და წინსვლა დაიწყება, თუმცა პრობლემის არსი სწორედ ახალი ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნაკლები ინტერესია.