ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს პრაქტიკულ მაგალითს, როგორი უნდა იყოს ურთიერთობები ქვეყნებს შორის რეგიონში, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სომხეთის მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძეს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება სიცოცხლისუნარიანი მექანიზმია, რომელიც ორმხრივ ინტერესებს ემყარება.
„მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვიმყოფები ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა ტრადიციული თბილი დახვედრისა და სტუმარმასპინძლობითვის, რომელიც ჩემმა დელეგაციამ მიიღო ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩვენ მოვახერხეთ, გაგვეფართოებინა ყოვლისმომცველი თანამშრომლობა საქართველოსა და სომხეთს შორის ყველა სფეროში. ამის საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ ის, რომ მიმდინარე წლის იანვარში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ავიდა უფრო მაღალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. ამგვარად მოვახერხეთ, სიცოცხლისუნარიანი მექანიზმი შეგვექმნა ეფექტური კონტაქტებისა, რომელიც ემყარება ორმხრივ ინტერესებს, ისევე როგორც საერთო პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს.
საქართველომ და სომხეთმა უპირობოდ აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას სტაბილურობა და ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში,“ - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს