ერთ დროს, დედამიწას შეიძლება საკუთარი პლანეტური რგოლი ჰქონდა. ჰიპოთეტურ რგოლს კოსმოსური თვალსაზრისით დიდხანს ვერ უნდა გაეძლო — სავარაუდოდ, დედამიწას ის მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი წლის განმავლობაში ერტყა გარშემო. თუმცა, ეს დრო საკმარისი უნდა ყოფილიყო დედამიწის გეოლოგიურ ჩანაწერებში კვალის დასატოვებლად. ამაზე მეტყველებს ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერის, ენდი ტომკინსის ჯგუფის მიერ ჩატარებული ახალი ანალიზები.
ტომკინსმა და მისმა ჯგუფმა აღადგინა უჩვეულო ზრდა ჩამოცვენილი მეტეორიტების რაოდენობაში, რასაც ორდოვიციულ დარტყმებს უწოდებენ; შედეგად განსაზღვრეს, რომ ამ ანომალიის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო რგოლი დედამიწის ორბიტაზე, რომელიც ნელ-ნელა დაიშალა.
„მიყვარს იმაზე ფიქრი, რანაირი იქნებოდა დედამიწა გარშემო რგოლით. დღევანდლისგან სრულიად განსხვავებული ხედი იქნებოდა“, — ამბობს ტომკინსი.
ეს ამბავი საკმაოდ რთულად შესასწავლი,მაგრამ მნიშვნელოვანია და სამომავლო ანალიზები შეიძლება დაგვეხმაროს დედამიწის ისტორიის სხვა ასპექტების ახსნაშიც.
„მილიონობით წლის განმავლობაში, ამ რგოლის მატერია თანდათან დედამიწაზე ჩამოცვივდა და გაიზარდა მეტეორიტთა რაოდენობა, რაც გეოლოგიურ ჩანაწერებშიც ჩანს. ამ პერიოდის დანალექოვან ქანთა შრეებში ასევე ვხედავთ წარმოუდგენლად დიდი ოდენობით მეტეორიტთა ნარჩენებს“, — ამბობს ტომკინსი.
მიჩნეულია, რომ მზის სისტემაში რგოლები საკმაოდ ხშირია. ოთხ გიგანტურ პლანეტას რგოლები აქვს და არსებობს მტკიცებულება, რომ ერთ დროს, ის მარსსაც ჰქონდა. ამიტომაც ჩნდება კითხვა — ჰქონდა თუ არა წარსულის გარკვეულ მონაკვეთში რგოლი დედამიწასაც?
ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი კვალი კოსმოსში ვიპოვოთ, თუკი საერთოდ არსებობდა. თუმცა, დაახლოებით ნახევარი მილიარდი წლის წინ, ორდოვიციულ პერიოდში, მეტეორიტთა ცვენა უცბად გახშირდა და ეს თითქმის 40 მილიონ წელიწადს გაგრძელდა. აღმოჩენილია იმ პერიოდის ძალიან ბევრი კრატერი, თანაც ერთმანეთთან ძლიერ ახლოს.
ტომკინსმა და მისმა ჯგუფმა იმ პერიოდის 21 კრატერი შეისწავლა და დაადგინა, რომ ყველა მათგანი 30-გრადუსიან განედზეა განლაგებული. ამის დადეგენა მარტივი არ ყოფილა, რადგან ორდოვიციულ პერიოდში, დედამიწის ყველა კონტინენტი შედიოდა ერთ დიდ სუპერკონტინენტში, რომელსაც გონდვანას უწოდებენ და რომელიც შემდეგ დაიშალა სხვადასხვა კონტინენტად.
კრატერების შეჯგუფება შეიძლება შემთხვევითი იყოს, მაგრამ საქმე ბევრად უცნაურადაა. როგორც ჩანს, მეტეორიტებით ბომბარდირება ხმელეთის მხოლოდ 30 პროცენტზე ხდებოდა და თანაც სულ ეკვატორულ რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მეტეორიტები გაცილებით ხშირი იყო, ეს კონკრეტული ცვენა პლანეტის მხოლოდ მცირე სექციით შემოიფარგლებოდა, თითქოს ქვები დედამიწას შუაზე შემოკრული ვიწრო სარტყლიდან აცვიოდა.
ტომკინსის და მისი კოლეგების განცხადებით, შეიძლება ზუსტად ასეც იყო.
ვრცლად პირველ არხზე