ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში, ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის ჩვენი ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, შემდეგი წელი უნდა იყოს გადამწყვეტი ამ რეფორმისთვის.

„შემდეგი წელი უნდა იყოს გადამწყვეტი ამ რეფორმისთვის, საფუძვლების მომზადების თვალსაზრისით. მთავარია, როდესაც რაიმე საკითხზე იმართება დისკუსია, ორ მხარეს იყოს არგუმენტები. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტებით, ციფრებით არგუმენტებით და მეორე მხარეს არის ცარიელი გზავნილები, ტყუილებზე აგებული, არავითარი ფაქტები, არავითარი მტკიცებულებები, არავითარი არგუმენტაცია. არ შეიძლება, ასე გაგრძელდეს, ესეც უნდა შეიცვალოს. როგორც კი რადიკალური ოპოზიცია ჩანაცვლდება ჯანსაღი ოპოზიციით, მაშინვე თვითონ დისკუსიის შინაარსიც უნდა ჩანაცვლდეს. ერთმანეთს უნდა ვეპაექრებოდეთ ჩვენ, დემოკრატია ამას გულისხმობს, რომ თუნდაც ძალიან მწვავედ, მაგრამ არგუმენტებით უნდა დავუპირისპირდეთ ერთმანეთს. სად არის არგუმენტები. პარლამენტში რომ იყვნენ 3 წელი იქაც კი არავითარი არგუმენტი არ მოგვისმენია, არავითარი ფაქტები, ცარიელი, უხეში განცხადებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა თემასთან დაკავშირებით გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია. რეალურად, ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინე უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, გარდა ცარიელი, ხისტი, მშრალი განცხადებებისა. რომელიმე გამოწვევას თუ არ ეთანხმებიან, 7 გამოწვევა გვაქვს განსაზღვრული, მაშინ თქვან, რომ დღეს გვაქვს 64 ჰარვარდი საქართველოში. შეუძლებელია ხომ ამის დამტკიცება. თვითონ ამტკიცებდნენ, რომ ახალგაზრდების საქართველოდან ემიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო განათლების სისტემაში არსებული პრობლემები. დღეს კი გამოდიან და საუბრობენ, რომ იდეალური სისტემა გვქონია. შვიდივე გამოწვევა არის ისე განსაზღვრული, რომ ფაქტებით და არგუმენტებით კრიტიკა რეალურად შეუძლებელია, თორემ მოვისმენდით აქამდე. როცა არის გამოწვევა განსაზღვრული, იმას სჭირდება დაპირისპირება. აქ სადმე თუ არის აცდენა გამოწვევასა და პასუხს შორის, ესეც უნდა დაგვისაბუთონ, მაგრამ არავითარი დასაბუთება, არის უბრალოდ მშრალი საუბარი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ბოლომდე გავატარებთ ამ რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში. ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის ჩვენი ამოცანა. ძალიან მაღალია ალბათობა და სტატისტიკაც ამას აჩვენებს, რომ როდესაც ახალგაზრდები მიდიან საზღვარგარეთ, ძალიან ბევრი მათგანი რჩება, ბუნებრივია, სხვა ქვეყანაში, მითუმეტეს, რომ ეკონომიკებს შორის ჯერ კიდევ არის საკმაოდ დიდი სხვაობა,“- აღნიშნა პრემიერმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს