ჩინეთში, გუანდუნის პროვინციის ქალაქ ჭაოცინგის სიახლოვეს, ერთ-ერთი გორაკის ფერდობზე არსებული ჯინლინის კრატერი მეცნიერებს დიდხანს ემალებოდა. ახლახან კი დადგინდა, რომ ის დარტყმითი სტრუქტურაა.

მსოფლიოში დაახლოებით 200 დადასტურებული დარტყმითი კრატერი არსებობს; ამიტომ, ყოველი აღმოჩენა განსაკუთრებით ღირებულია.

თუმცა, ეს კონკრეტული გამოირჩევა მისი განსაკუთრებული ზომითა და ახალგაზრდა ასაკით.

კრატერი წარმოქმნილია ჰოლოცენის ეპოქაში, როცა ბოლო გამყინვარების ხანა დასრულდა, დაახლოებით 11 700 წლის წინ.

ახლომდებარე ქანების ეროზიაზე დაყრდნობით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის ადრეულ და შუა ჰოლოცენის ეპოქებს შორისაა წარმოქმნილი.

მისი დიამეტრი 820 – 900 მეტრს შორის მერყეობს, სიღრმე კი 90 მეტრია და ასეთი მაჩვენებლებით დიდად აღემატება რუსეთის 300-მეტრიან მარჩას კრატერს, რომელიც აქამდე ითვლებოდა ჰოლოცენის პერიოდის უდიდეს დარტყმით სტრუქტურად.

რეგიონის კლიმატიდან გამომდინარე, ასეთი მასიური, კარგად შემონახული კრატერის აღმოჩენა გასაკვირია. გუანდუნის პროვინციას ახასიათებს რეგულარული მუსონები, დიდი ნალექები და მაღალი ტენიანობა — ზუსტად ის გარემო პირობები, რომლებიც ეროზიას აჩქარებს და დიდი ხნის წინ უნდა წაეშალა კრატერის ყოველგვარი ხილული ფორმა.

მიუხედავად ამისა, ჯინილის კრატერი გამორჩეულად ხელუხლებელია, შენახულია გამოფიტული გრანიტის სქელ ფენებში, რომლებიც მის სტრუქტურას ამინდისგან იცავდა.

მტკიცებულებები, რომლებიც მის არამიწიერ წარმოშობას ადასტურებს, დეტალებში იმალება. გრანიტში მკვლევრებმა იპოვეს კვარცის მრავალი ფრაგმენტი, რომლებსაც აღენიშნება სიბრტყითი დეფორმაციის წარმონაქმნები და მიკროსკოპული მახასიათებლები, რომლებიც დარტყმითი მოვლენის გეოლოგიური ანაბეჭდის როლს ასრულებს.

„დედამიწაზე, სიბრტყითი დეფორმაციის მახასიათებლების კვარცში წარმოქმნა ხდება მხოლოდ ციური სხეულების დაცემის შედეგად გამოწვეული ძლიერი შოკური ტალღების მეშვეობით“, — ამბობს კვლევის ავტორი მინგ ჩენი.

ეს მახასიათებლები წარმოიქმნება ექსტრემალური წნევის ქვეშ, 10 – 35 გიგაპასკალს შორის, რაც ძლიერ აჭარბებს წნევის იმ მაჩვენებელს, რისი წარმოქმნაც დედამიწის რომელიმე საკუთარ გეოლოგიურ პროცესს შეუძლია.

ვრცლად პირველ არხზე