რატომ დამალეს ქონებრივი დეკლარაციები? "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" ვარაუდობენ, რომ "ოცნების" ჩინოვნიკების ფინანსური მდგომარეობის შესახებ დოკუმენტების დამალვა ამერიკულ და ევროპულ სანქციებს უკავშირდება. ვებ გვერდი სწორედ საპროტესტო აქციების დარბევის პერიოდში და სანქციების გამოცხადების შემდეგ გაითიშა.
"დღეს „ქართული ოცნება“ არის ბუნკერში ჩაკეტვის ეტაპზე. მათ არ უნდათ, რომ რაიმე ინფორმაცია გავიდეს მათგან. პროტესტის დაწყების შემდეგ, დეკემბერში დაიწყო დასავლეთის მხრიდან სანქციების პოლიტიკა და სწორედ ამას დაემთხვა დროში დეკლარაციების ჩაკეტვა. ე.წ. ბალტიის ქვეყნებმა გამოაცხადეს ასნქციები და რამდენიმე დღეში დაიხურა ეს პორტალი. ჩვენ ეს გვაფიქრებინებს, რომ რეალურად, გარდა იმისა, რომ მათ არ უნდათ, დისკომფორტი შეექმნათ ამ გამოძიებებით, ასევე ისინი უფრთხიან და არ უნდათ, რომ ამთი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია გახდეს ცნობილი დასავლური ქვეყნებისთვის, სადაც ძალიან ბევრი უწყებები მუშაობენ ახლა, რომ მოიძიონ ინფორმაცია, ვინ არიან მთავარი პასუხისმგებელი პირები დემოკრატიულ უკუსვლაზე და როგორ შეიძლება, მათ პასუხი ვაგებინოთ. ერთ-ერთი არის სანქციები. ამ საიტის ასეთი ფორმით გათიშვა პირდაპირ კანონდარღვევაა და ბატონ რაჟდენ კუპრაშვილი ძალიან უტიფრად და პირდაპირ არღვევს საქართველოს კანონმდებლობას," - ამბობს სანდრო ქევხიშვილი.
ორ თვეზე მეტია, შეუძლებელია, გადაამოწმო ივანიშვილის პარტიის წევრების შემოსავლები და ქონება. მაგალითად, ფლობენ თუ არა უძრავ ქონებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ან შეერთებულ შტატებში.
ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე დარწმუნებულია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ "ოცნების" მაღალჩინოსნების დეკლარაციები განგებ გადამალა, რათა მათი დანაშაულების შესახებ ცნობილი არავისთვის ყოფილიყო. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, რაჟდენ კუპრაშვილის უწყების ერთადერთ ფუნქციად პოლიტიკური ოპოზიციის შევიწროება გახდა.
საქმე ისაა, რომ 2024 წლის დეკემბრიდან საზოგადოებას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე წვდომა აღარ აქვს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ 2024 წლის 29 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ანტიკორუფციულმა ბიურომ ვებგვერდი, სადაც დეკლარაციები იძებნებოდა დახურა. IDFI-ს განცხადებით, გარდა იმისა, რომ 2010 წლის შემდგომ პირველად, საზოგადოებას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე (declaration.acb.gov.ge) წვდომა არ აქვს, ანტიკორუფციული ბიურო არ გასცემს საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნილ თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებს.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ უწყების საიტს ტექნიკური ხარვეზი აქვს და საჯარო მოხელეების დეკლარაციებზე წვდომა არ ჩაკეტილა.
კითხვაზე, რატომ ჩაიკეტა ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე წვდომა, რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ მიზეზი ტექნიკური ხარვეზია, რომელიც გამოსწორდება, თუმცა ის ვერ ასახელებს ვადას, როდის აღმოიფხვრება პრობლემა.
"არაა ეს ჩაკეტილი, ესაა ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოსწორდება. დეკლარაციები ხელმისაწვდომია, კანონით არის ეს განსაზღვრული. საიტზე განთავსებულ ინფორმაციას თუ რაიმე ხარვეზი აქვს, გამოსწორდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, აღდგება, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს საიტი ფუნქციონირებას",- თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა.
წყარო: tv pirveli