"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე დარწმუნებულია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ "ოცნების" მაღალჩინოსნების დეკლარაციები განგებ გადამალა, რათა მათი დანაშაულების შესახებ ცნობილი არავისთვის ყოფილიყო. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, რაჟდენ კუპრაშვილის უწყების ერთადერთ ფუნქციად პოლიტიკური ოპოზიციის შევიწროება გახდა.

"რაჟდენ კუპრაშვილმა მთლიანად მოშალა დეკლარაციების მონიტორინგის და გამჭვირვალობის სისტემა იმისთვის, რომ გადაავადონ და რამენაირად საზოგადოებას დაუმალონ ის დადასტურებული დანაშაული, რომელსაც ძალიან ბევრ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი და ამ ფორმით ანტიკორუფციული ბიუროს ერთადერთი ფუნქცია დარჩა პოლიტიკური ოპოზიციის და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების შევიწროება, დაჯარიმება და ნადირობა აბსოლუტურად კანონიერ პროცესებზე," - ამბობს საბა ბუაძე. 

საქმე ისაა, რომ 2024 წლის დეკემბრიდან საზოგადოებას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე წვდომა აღარ აქვს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ 2024 წლის 29 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ანტიკორუფციულმა ბიურომ ვებგვერდი, სადაც დეკლარაციები იძებნებოდა დახურა.  IDFI-ს განცხადებით, გარდა იმისა, რომ 2010 წლის შემდგომ პირველად, საზოგადოებას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე (declaration.acb.gov.ge) წვდომა არ აქვს, ანტიკორუფციული ბიურო არ გასცემს საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნილ თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებს.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ უწყების საიტს ტექნიკური ხარვეზი აქვს და საჯარო მოხელეების დეკლარაციებზე წვდომა არ ჩაკეტილა. 

კითხვაზე, რატომ ჩაიკეტა ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე წვდომა, რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ მიზეზი ტექნიკური ხარვეზია, რომელიც გამოსწორდება, თუმცა ის ვერ ასახელებს ვადას, როდის აღმოიფხვრება პრობლემა.

"არაა ეს ჩაკეტილი, ესაა ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოსწორდება. დეკლარაციები ხელმისაწვდომია, კანონით არის ეს განსაზღვრული. საიტზე განთავსებულ ინფორმაციას თუ რაიმე ხარვეზი აქვს, გამოსწორდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, აღდგება, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს საიტი ფუნქციონირებას",- თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა.