გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 213 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.  

ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობა დაახლოებით 440 კგ-ს შეადგენს.

ყველაზე მეტი - 88 ფაქტი გამოვლენილია იმერეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. 82 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 51- სამეგრელო-ზემო სვანეთში, 49 - ქვემო ქართლში, 41 - კახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე, 34 ფაქტი გამოვლენილია შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 20 ფაქტი - შიდა ქართლში, 14 - გურიაში, 10 - აჭარაში, 10 ფაქტი კი გამოვლენილია სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე.

სამართალდარღვევები გამოვლინდა დედაქალაქშიც. მიმდინარე წლის 8 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 13 ფაქტი გამოავლინეს. 

ბრაკონიერები ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი. მიმდინარე წლის 8 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 218 ერთეული სახლართი ბადე და 24 ერთეული ელექტროიარაღი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს ბრაკონიერობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს