მთავრობა საქართველოს რეგიონალურ ფინანსურ და საბანკო ჰაბად პოზიციონირების ხელშეწყობისთვის Rothschild-ს 5.9 მლნ-ს გადაუხდის. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს 6 თვის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებშია აღნიშნული.

კერძოდ, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოს საერთაშორისო რეგიონალურ ფინანსურ და საბანკო ჰაბად პოზიციონირების საკითხებზე ხელშეწყობისათვის აუცილებელი საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად მთავრობა წელს 5 903 658 ლარის დახარჯვას გეგმავს.

ცნობისთვის, საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის განვითარებაზე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფი "Rothschild & Co" მუშაობს. შეგახსენებთ, რომ შესაბამის შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და კომპანია Rothschild & Co- ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შორის ხელი 2021 წლის დეკემბერში ბრიუსელში მოეწერა. მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დოკუმენტი, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და რომლის მიზანია, ქვეყანა გადაიქცეს მულტიფუნქციურ ჰაბად როგორც ტექნოლოგიების, ისე განათლებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებით.

bpn.ge