მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების გავლენა ქართულ სავალუტო ბაზარსაც მისწვდა. ლარის კურსმა მოულოდნელად გამყარებისკენ აიღო გეზი, რასაც არავინ ელოდა. ზუსტად ერთ კვირაში ეროვნული ვალუტა 7 პუნქტით გამყარდა და ამ დროისთვიოს 2,80-იან ნიშნულს ჩამოსცდა. ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ კურსის  სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილმა ოთარ შამუგიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ხაზი გაუსვა, რომ ლარის კურსის მერყეობა ფუნდამენტური ფაქტორებით არაა გამოწვეული და ამიტომ სებ-ის მიდგომა, რომ პროცესებში ხისტად არ ერევა, სწორია.

„ბოლო წლების განმავლობაში კურსთან დაკავშირებით გვაქვს მერყეობა, თუმცა ეს არ არის ფუნდამენტური ფაქტორებით გამოწვეული. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი, სტაბილურად და სწორად მოქმედებს და არ ჩარევას ხისტად ამ პროცესში, ვინაიდან ხედავს, რომ პროცესები არის არა ფუნდამენტური მოვლენებით გამოწვეული, არამედ სხვადასხვა შოკით, არასტაბილური სიტუაციით, რომელიც წყნარდება და შემდეგ კურსი უბრუნდება ძველ ნიშნულს.

ამ ეტაპზეც, ვერ ვხედავთ რაიმე ისეთ გამოწვევას ეკონომიკაში. სტა ბილურობაა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებშიც, თუმცა დღევანდელ რეალობაში, ვფიქრობთ, რომ რაიმე საფრთხე ლარის სტაბილურობას არ ემუქრება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ, რომელიც გუშინვე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩიეს.

რაც შეეხება სპეციალისტების მოსაზრებას, საბანკო სფეროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ლარის გამყარება არ არის შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით გამოწვეული, კურსი მთლიანად ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენის ქვეშაა, რაც გლობალურ ბაზრებზე "იუსაიდის" დახურვამ გამოიწვია. ასე ფიქრობს საბანკო სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ლია ელიავა.

,,საკმაოდ სერიოზული მიზეზია, რაც ლარს ამყარებს. პირველ რიგში, ეს "იუესაიდის" დახურვამ და მასთან დაკავშირებულმა პროცესმა განაპირობა. არასამთვროების ნაწილს, რომელსაც ამერიკული ორგანიზაცია აფინანსებდა, დაფინანსება შეუწყდა, შესაბამისად, დოლარის ნაკადმა იკლო. ახლა ლარზე მოთხოვნა არის გაზრდილი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეკონომიკაში მიმდინარე მდგომარეობას სავალუტო ბაზარზე დადებითი ტენდენცია არ გამოუწვევია. რაც ხდება, წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორია და მეტი არაფერი. მსოფლიოში ძალიან საინტერესო ძვრებია, რასაც ვერც საქართველო გაექცევა", - განაცხადა ლია ელიავამ.

მანვე არ გამორიცხა, რომ ლარის გამყარება შეიძლება დროებითი მოვლენა იყოს. გაგრძელდება თუ არა ლარის გამყარება, უკვე დიდწილად არის დამოკიდებული პოლიტიკურ ვითარებაზეც, რამდენად მალე მოიხსნება დაძაბულობა, რაც ეკონომიკაზეც დადებიტად იმოქმედებს.

"კიდევ თუ აგორდა საპროტესტო ტალღა, ლარი დაიწყებს ვარდნას. აქციას სჭირდება ფული, ამიტომ ყველაფერი ერთმანეთზე არის დამოკიდებული. რაც არ უნდა იყოს, ახლა ლარის გამყარება ძალიან კარგი ტრენდია და თუ ეს პროცესი გაგრძელდება, ეკონომიკსაც წაადგება და მოსახლეობასაც.

დოლარის ნაკადი თანდათანობით შემცირდება საქართველოში. ეს გაზრდის ლარზე მოთხოვნას. ხოლო რაც მაღალია ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა, მით უფრო მყარი კურსია. ეკონომიკა და პოლიტიკა ერთმანეთთან კავშირშია. არასდროს, არც ერთ ქვეყანაში, პოლიტიკური არეულობა ეკონომიკურ განვითარებას და წინსვლას ხელს არ უწყობს. სტაბილურობა ერთადერთი რამაა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი  ფაქტორია", - ამბობს ლია ელიავა.

განსხვავებული მოსაზრებისაა ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც ლარის გამყარებას საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით ხსნის. ამასთან, ახსენებს ინტერვენციებსაც, რომელსაც ეროვნული ბანკი ბოლო პერიოდის განმავლობაში ახორციელებდა.

,,ლარის გამყარება მოულოდნელი არ ყოფილა. გლობალურ ფაქტორებსაც რომ თავი დავანებოთ, დადებითი დინამიკა ეკონომიკურმა პროცესებმაც განაპირობეს. მოგეხსენებათ, რომ 2024 წელი 9,5%-იანი ეკონომიკური ზრდით დასრულდა. ეკონომიკამ მოახდინა გადაწყობა და მიმდინარე პროცესებთან ადაპტირება. სექტემბერ-ოქტომბერში თუკი სებ-ი აჟიოტაჟის ჩასაცხრობად ყიდდა დოლარს, უკვე ნოემბერ-დეკემბერში მან, პირიქით, შესყიდვა დაიწყო და გაზარდა რეზერვი.

პირველი სიგნალია, რომ ეკონომიკამ გადაწყობა მოახერხა პოლიტიკურ პროცესთან მიმართებით. სხვათა შორის,  როდესაც სებ-მა ინტერვენციები დაიწყო ბაზარზე, ცალკეული ექსპერტების მხრიდან გარკვეული კრიტიკა წამოვიდა. ისინი თვლიდნენ, რომ სებ-ი სავალუტო რეზერვებს ხარჯავდა, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ ინტერვენციებმა არათუ ჩააცხრო აჟიოტაჟი, არამედ ხელი შეუწყო ეკონომიკურ ზრდას და ლარის გამყარებას. რაც ახლა ხდება, სწორედ ინტერვენციების დამსახურებაა", - აღნიშნა  ცუცქირიძემ.

მისივე შეფასებით, იმედისმომცემია არაბული ინვესტირება საქართველოში, ანაკლიის პორტის პროექტი, შუა დერეფნის როლის გაძლიერება, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა და ყველა ის პროექტი, რაც ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს.

,,ბოლო წლებში მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამები, ,,აწარმოე საქართველოში" და სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ რაც ხორციელდებოდა, კარგად მუშაობს. ეკონომიკური ზრდა შემთხვევითობა არ არის, პროცესი გაგრძელდება და პრაქტიკულად ამის შედეგია, რომ კურსი საპირისპირო მიმართულებით წავიდა. იმედისმომცემია უმსხვილესი არაბული ინვესტიცია. ეს მარტო ციფრები არ არის - ინვესტორების განწყობაა, რომ მომავალში სტაბილურობას და მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელოდებიან. ანაკლიის პორტის პროექტიც დიდ იმედს იძლევა, მთლიანობაში ამ ყველაფერს სინერგიის ეფექტი ექნება. დიდი ფაქტორია შუა დერეფნის ფუნქციის ზრდა, 2025 წელს კონტრაქტები

ჩემი შეფასებით, ლარის სტაბილურობა და ამჟამინდელი ტენდენცია შენარჩუნდება. შეიძება კურსმა გარკვეული ცვლილება განიცადოს, მაგრამ მკვეთრ რყევებს საფუძველშივე გამოვრიცხავ", - განუცხადა ცუცქირიძემ.

წყარო: ,,რეზონანსი"