ლარი ერთ დღეში 40-ზე მეტ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა, მათ შორის დოლართან და ევროსთან. ეროვნული ბანკის დღევანდელი ოფიციალური კურსის მიხედვით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა 3,38 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით - 3,6 თეთრით.

მიუხედავად იმისა, რომ ერთ დღეში ლარი თითქმის 1%-ით გაუფასურდა, „თიბისი კაპიტალის“ ანალიტიკოსი ოთარ ნადარაია მიიჩნევს, რომ ეს დროებითია და ეროვნული ვალუტა მალე დასტაბილურდება.

„მიმდინარე პროცესი გარკვეულწილად ლარზეც მოქმედებს, ცხადია, რომ ეროვნულმა ვალუტამ გარკვეული ზეწოლა განიცადა, მაგრამ მასშტაბური რყევა არ არის.

ვფიქრობ, საკმაოდ ბევრია რესურსია, ასევე მაკროეკონომიკური თვალსაზრისითაც, რეზერვების კუთხითაც კარგი პერიოდია, რაც სავალუტო ბაზარს სტაბილურობის შენარჩუნებაში დაეხმარება“, - ამბობს ოთარ ნადარაია.

დღევანდელი ოფიციალური კურსი ასეთია:

  • 1 დოლარი - 2,675 ლარი;
  • 1 ევრო - 2,8631 ლარი.

ლარის გაუფასურება უკვე ასახულია ქვეყნის უმსხვილეს ბანკებში:

„თიბისი ბანკი“:

  • 1 დოლარის ყიდვა - 2,7450 ლარი; გაყიდვა - 2,6450 ლარი;
  • 1 ევროს ყიდვა - 2,9370 ლარი; გაყიდვა - 2,7970 ლარი.

„საქართველოს ბანკი“:

  • 1 დოლარის ყიდვა - 2,7350 ლარი; გაყიდვა - 2,6350 ლარი;
  • 1 ევროს ყიდვა - 2,9200 ლარი; გაყიდვა - 2,7890 ლარი.

ლარის გაუფასურებას წინ უსწრებდა, 19 სექტემბერს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს მიერ სანქცირებულ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეზე ფინანსური სანქციები ქვეყანაში აღარ უნდა გავრცელებულიყო. აღნიშნულ ფაქტს ეროვნულ ბანკში კადრების გადადგომა მოჰყვა და ბანკში თანამდებობა დატოვა სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და ერთმა მრჩეველმა.