ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეროვნული ვალუტის კურსზე მოკლევადიანი გავლენა ექნება, ამის შესახებ „კომერსანტს“ ფინანსისტმა ნიკა შენგელიამ უთხრა.

მისი თქმით, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.68-იან ნიშნულს არ ასცდება.

„ჩვენ რაიმე გართულებას არ უნდა ველოდოთ, შეიძლება სავალუტო ფონდიდან ან მსოფლიო ბანკიდან იყოს რაიმე მითითებები, რომ თუ ამას ექნება განმეორებითი სახე და არ შეასრულებს ეროვნული ბანკი გარკვეულ სანქციებს, ცუდი შედეგები მოჰყვება. ამ ეტაპზე ისეთი თემები, რომ შესაძლოა SWIFT გაგვიუქმონ ან საბანკო სექტორს პრობლემები შეექმნას არ არსებობს. 

დღეს-ხვალ მოსალოდნელია მცირე გაუფასურება, მაქსიმუმ კურსი 2.68 ლარამდე ავიდეს და შემდეგ ისევ მოხდება დასტაბილურება“, - ამბობს ნიკა შენგელია.

ფინანსისტი ირაკლი ერაძეც ფიქრობს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მოკლევადიანია, გარდა ამისა, მისი თქმით, ეროვნულ ბანკს აქვს იმის ბერკეტი, რომ კურსის დასტაბილურება მოახერხოს.