„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და 6 კერძო ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომელიც ქვესადგური „ურბნისის“ ერთობლივ პროექტირებასა და მშენებლობას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 220 კვ ქვესადგურის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში ინტეგრაციას. შეთანხმების მიხედვით, კომპანიები საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობის შეძენასა და მიწოდებას, ხოლო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს ქვესადგურის პროექტირებას, სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებს.
ქვესადგურის „ურბნისის“ მშენებლობის დასრულების ვადად 2027 წლის დეკემბერი განისაზღვრა.
„ეს არის კერძო და საჯარო სექტორის უპრეცედენტო თანამშრომლობის მოდელი, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა ურბნისის ქვესადგურის ერთობლივი მშენებლობა. შედეგად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 20 მილიონამდე ლარს დაზოგავს,“- განაცხადა სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა.
მემორანდუმი გაფორმდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას”, „აჭარენერჯი 2007-ს”, „ღვლევი უინდსთრიმს“, „ენ-სი ჯგუფი 2022-ს”, „ჯიდიეი დანრეს”, „ქარელი ვინდსა” და „ზეფიროს ენერჯის” შორის.
ქვესადგურის „ურბნისის“ მშენებლობის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას, ენერგოსისტემის საიმედოობის გაძლიერებასა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ზრდას.
ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს