განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას ინფორმაციით, სტუდენტთა სწავლის დაფინანსების ის პროგრამა, რომელიც თბილისის მერიის მიერ ხორციელდება, ტრანსფორმირდება და „დიდი ალბათობით“ სტიპენდიების დაფინანსებისკენ მიიმართება.
ამ თემაზე გაბისონიამ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. გაბისონიას თქმით, სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, რომ პროგრამები, რომელიც უმაღლესი განათლების მხარდაჭერისთვის გამოიყენებოდა, სხვა მიმართულებით არ გადავიდეს და მათ შორის სტიპენდიების მხარდაჭერისთვის დარჩეს.
„სოციალური მიმართულებით გვაქვს სტიპენდიები. ჩვენ სტიპენდიები გავაორმაგეთ და ვგეგმავთ, რომ ამ მიმართულებით დამატებითი სტიმულაციები გავაკეთოთ.
თბილისის მერიას დღემდე აქვს პროგრამა - თბილისის მოსახლობისთვის სოციალური მხარდაჭერის ნაწილში სწავლის კომპონენტს უფინანსებდა და ის, ვინც გრანტში ვერ მოხვდებოდა, უნაზღაურებდა, რაც ძალიან კარგი პროგრამაა. თუ სწორად მახსოვს, ბიუჯეტი დაახლოებით 3 მილიონ ლარამდეა.
თბილისის ვიცე-მერთან შეხვედრა გვქონდა. თბილისის მერი კახა კალაძისინიციატივა იყო, თუ რა პროექტებზე შეგვეძლო გვემუშავა ამ მიმართულებით. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ ეს თანხა სტუდენტების სტიპენდიების მხარდაჭერის პროგრამებისკენ მიემართოს, რაც მერის მიერ მოწონებული იყო. დიდი ალბათობით ამ საბიუჯეტო სახსრების ტრანსფორმირება სტუდენტების სტიპენდიების ნაწილში მოხდება. ის თუ რა ლოგიკით იქნება, ეს დასამუშავებელია. მერია ამ საკითხზე სამინისტროსთან და უნივერსიტეტებთან ერთად იმუშავებს და ოპტიმალურ მოდელამდე მივალთ.
ანალოგიურად მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს თავდაცვის სამინისტროს აკადემიასთან. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი სტრუქტურული ერთეული არ არის, ავტორიზაცია აკრედიტაციის ნაწილში ხარისხის უზრუნველყოფას ჩვენი სამინისტრო ახდენს. ამიტომ მათთან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ.
ყველა ის პროგრამა, რომელიც უმაღლესი განათლების მხარდაჭერისთვის გამოიყენებოდა, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სხვა მიმართულებით არ იქნას გადატანილი და დარჩეს მათ შორის სასტიპენდიო მხარდაჭერის ნაწილში“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, რომელიც 2025 წლის 17 დეკემბრიდან ამოქმედდა, სტუდენტთა საგრანტო დაფინანსების სისტემა გაუქმდა. საგრანტო სისტემა მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლესს სასწავლებლებში სწავლის სრულად სახელმწიფოს მიერ დაფინანსების მოდელით ჩანაცვლდა.
იმავდროულად, 2025 წლის დეკემბრის კანონით განისაზღვრა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ იმ სტუდენტთა სწავლის დაფინანსება, რომელიც 2026 წლამდე მოიპოვეს, სახელმწიფოს მიერ 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით, იმავე ოდენობითა და პირობებით გაგრძელდებოდა, რაც მათ ახალი კანონის მიღებამდე ჰქონდათ მოპოვებული.
ახლა პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს ცვლილებებს, რომლის გათვალისწინებით, უმაღლეს სასწავლებლებში 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს 2030-2031 წლის ჩათვლით არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება შეუნარჩუნდებათ, არამედ მისი მოპოვების და გაუმჯობესების შესაძლებლობაც მიეცემათ.