2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში ავტორიზებულია 116 სატელევიზიო სამაუწყებლო არხი, ლიცენზირებულია 43 და ავტორიზებულია 6 რადიო მაუწყებელი. ამის შესახებ საუბარია კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად აქედან ღია საეთერო ეროვნული სატელევიზიო მაუწყებელი იყო 19. ამას ემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის და აჭარის ტელევიზიის სამი არხი. შესაბამისად, 2022 წელს სულ 22 ღია საეთერო ეროვნული სამაუწყებლო არხი მაუწყებლობდა.

„2022 წლის განმავლობაში შემოსავალი უფიქსირდება 75 სატელევიზიო და 40 რადიო მაუწყებელს. 2022 წელს მაუწყებლობიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა 101 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 94.2 მლნ ლარი ტელევიზიებმა, 6.7 მლნ ლარი კი რადიოებმა მიიღეს.

2022 წელს ტელევიზიებისა და რადიოების ჯამური სარეკლამო შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 7.6%-ით შემცირდა და 79.9 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 წელს, ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 73.6 მილიონი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით, 7.8%-ით არის შემცირებული.

„2022 წლის მეორე კვარტალიდან აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამა აიკრძალა. რეგულაციის ამოქმედებამდე, აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილ დამფინანსებლებს წარმოადგენდნენ. 2022 წელს აზარტული თამაშების სექტორიდან მიღებულმა სარეკლამო შემოსავალმა 4.8 მილიონი შეადგინა, 2021 წელს კი - 17.9 მილიონი ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ რეკლამის დამკვეთების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 36.8%-ით გაიზარდა. აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვიდან გამომდინარე, მკვეთრად შეიცვალა დამფინანსებლების სტრუქტურა (ბიზნეს სექტორის კუთხით). კერძოდ, თუ 2021 წელს მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ძირითადი წყარო სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები (44%) იყო, 2022 წელს სარეკლამო დაკვეთების კუთხით წამყვან ბიზნეს სექტორს სურსათისა და სასმელების მიმართულება წარმოადგენდა 29%-იანი წილით, 28.56%-ით მეორე ადგილი ფარმაციას, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილები დისტრიბუციასა და ფინანსების სექტორებს ეკავა.

აღსანიშნავია, რომ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვით ყველაზე მეტად ის არხები დაზარალდნენ, რომლებიც წინა წლის მონაცემებით მეტად იყვნენ დამოკიდებულნი აზარტული სექტორიდან მიღებულ შემოსავლებზე, ტოპ მაუწყებლების მიერ აზარტული თამაშების სექტორში დასაქმებული დამფინანსებლებისგან დაკარგულმა შემოსავლებმა ჯამურად 13.1 მილიონი ლარი შეადგინა.

აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვამ უარყოფითი ეფექტი მოახდინა სარეკლამო შემოსავლებზე. თუმცა, სარეკლამო დამკვეთების რაოდენობის მნიშნველოვანი ზრდა კვარტლიდან კვარტლამდე გარკვეულწილად დადებით ეფექტს იძლევა და ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, საშუალო ვადიან პერიოდში, აღნიშნული ეფექტის დაძლევაა მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ სატელევიზიო მაუწყებლების მიერ მიღებული ჯამური  სამაუწყებლო შემოსავლის 67.5%-ს რეკლამა და სპონსორობა შეადგენდა.

ტელევიზიების მიერ მიღებული ჯამური სარეკლამო შემოსავლის ძირითად წყაროს რეკლამა, პროდუქტის განთავსება და სპონსორობა შეადგენდა. “- ნათქვამია ანგარიშში.

სატელევიზიო მაუწყებლობიდან მიღებული შემოსავლების ოდენობის მიხედვით, 2022 წელს ყველაზე დიდი წილი - 26.7% „ტელეიმედს“ ეკავა, „მთავარ არხს“ – 10.7%, „მედია ჰოლდინგს“58 – 10.4%, „სილქ მედიას“ (ევრონიუს ჯორჯია) – 7.7%, „ტელეკომპანია პირველს“ - 6.6%, „ფორმულას“ – 6.6%, „პოსტვ“-ს – 5.2%, „აჭარასპორტ.ტვ“-ს59 - 4.9%, საზოგადოებრივ მაუწყებელს - 3.8%, „ბი ემ ჯი“-ს - 2.7%. სხვა მაუწყებლების შემოსავლების ჯამურმა წილმა 14.6% შეადგინა.

მიღებული სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ოდენობის მიხედვით, 2022 წელს ყველაზე დიდი წილი „ტელეიმედს“ ეკავა - 34.1%, „მთავარ არხს“ – 13.6%, „მედია ჰოლდინგს“ – 12.5%, „ტელეკომპანია პირველს“ - 7.9%, „ფორმულას“ – 7.8%, „პოსტვ“-ს – 6.6%, საზოგადოებრივ მაუწყებელს - 4.2%, „ჯი-დი-ეს თივი“-ს – 2.6%, „ბი ემ ჯი“-ს – 2.6%, „სილქნეტს“ – 1.5%. სხვა მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ჯამურმა წილმა 6.6% შეადგინა.

რაც შეეხება რადიო მაუწყებლებს,  2022 წელს რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა 6.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით, 0.9 მლნ ლარით ნაკლებია.

რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ძირითად წილს, 99.8%-ს რეკლამა და სპონსორობა შეადგენდა, პროდუქტის განთავსებასა და განცხადებებს კი მცირე წილი ეკავა.

რადიო მაუწყებლობიდან მიღებული სარეკლამო შემოსავლების ოდენობის მიხედვით, 2022 წელს ყველაზე დიდი წილი - 55.5% რადიო ჰოლდინგ ფორტუნას ეკავა. რადიო იმედს – 10.0%, რადიო პალიტრას - 5.6%, ქართულ რადიოს - 5.0%, მდ ჯგუფს - 4.3%, მედია ჰოლდინგ - აფხაზეთის ხმას - 3.1%, სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს - 2.1%, რადიო ჯორჯიან თაიმსს - 1.8%, კომპანია მედიასტრიმს - 1.8%, ჩვენს რადიოს კი 1.4% ეკავა. სხვა რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ჯამურმა წილმა 9.4% შეადგინა.