თურქეთის ბაზარზე მაღალი ფასების გამო გაზრდილია მოთხოვნა საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტსა და ტრანზიტზე.

Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის პირველ ნახევარში, თურქეთმა საქართველოს საზღვრიდან მიიღო 2.1 ტვტ.სთ ელექტროენერგია, საიდანაც 0.8ტვტ.სთ იყო ელექტროენერგიის ექსპორტი ქართული გენერაციის ობიექტებიდან (+17.3% წ/წ), ხოლო 1.5 ტვტ.სთ იყო მეზობელი ქვეყნებიდან ტრანზიტი. ტრანზიტი წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია და ძირითადად ხორციელდება აზერბაიჯანიდან (მთლიანის 79.5%), რუსეთიდან (10.9%) და სომხეთიდან (9.7%).

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი წლიურად 21.4%- ით გაიზარდა და 0.8ტვტ.სთ შეადგინა 2023 წლის პირველ ნახევარში. ადგილობრივ ბაზარზე მოხმარების შემცირებამ და თბოსადგურების მუშაობამ შესაძლებელი გახადა ექსპორტის აპრილში დაწყება და საექსპორტო მოცულობის ზრდა. მიუხედავად რაოდენობის ასეთი მაღალი ზრდისა, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მცირედით შემცირდა 2.4%-ით, ექსპორტის საშუალო ფასის წლიური 19.6%-იანი შემცირების შედეგად. 2023 წლის პირველ ნახევარში ექსპორტის საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე 6.9 აშშ ცენტი შეადგინა.

ტოპ-3 ექსპორტიორი თურქეთში იყვნენ ბუქაბს სოლუშენი, ლუქს ენერჯი თრეიდინგი და აჭარისწყალი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2023 წლის აპრილში დამტკიცებული ელექტროენერგიის წლიური საპროგნოზო ბალანსი ვარაუდობს, რომ ელექტროენერგიის ექსპორტი ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. ადგილობრივი მოთხოვნის კლების ტენდენციისა და თურქეთის ბაზარზე გაზრდილი ფასების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ექსპორტი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება, თბოსადგურების გენერაციის მხარდაჭერით.

2023 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა და ფასი დაბალი იყო. საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა 0.6 ტვტ.სთ შეადგინა, რაც 48%-იანი წლიური კლებაა. იმპორტირებული ელექტროენერგიის ერთადერთი მომხმარებელი იყო აფხაზეთის რეგიონი, რომელიც ელექტროენერგიას რუსეთიდან სპეციალურ ფასად იღებს (კვტ.სთ- ზე 0.1 აშშ ცენტი). ელექტროენერგიის იმპორტის კომერციული ფასი ბევრად მაღალია. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთისთვის იმპორტირებული ელექტროენერგიის 98% პირდაპირი ხელშეკრულებით გაიყიდა და არ შედიოდა ესკოს საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობაში.

ელექტროენერგიის სავაჭრო ბალანსმა დადებითი 51.6მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2023 წელს 6 თვეში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 52.3 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტის ხარჯი მხოლოდ 0.8 მლნ აშშ დოლარი იყო. ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდა ზემოთ აღწერილ თურქეთის საბაზრო ფასის ზრდას უკავშირდება, ხოლო იმპორტის ფასი აფხაზეთის სპეცილურ ფასს“.

2023 წლის პირველ ნახევარში საქართველო რაოდენობრივადაც ელექტროენერგიის წმინდა იმპორტიორი გახდა 0.2 ტვტ.სთ წმინდა ექსპორტით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, წლის მეორე ნახევარში ელექტროენერგიის იმპორტის ზრდაა მოსალოდნელი და შედეგად, საქართველო 2023 წელს დახურავს 0.6 ტვტ.სთ წმინდა იმპორტით.