ბელგიამ უკრაინისთვის 1.1 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ჩეხეთში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინასთან დაკავშირებით, მივესალმები ჩეხეთის ხელმძღვანელობით დაწყებული საბრძოლო მასალის ინიციატივის წინსვლას. ეს რეალურ ცვლილებებს იწვევს. უკრაინაში 4 მილიონზე მეტი ვაზნა ჩავიდა“, - აღნიშნა რუტემ.

მან ქვეყნებს მოუწოდა, ინიციატივის დაფინანსება გააგრძელონ, რათა უკრაინამ რუსების შესაკავებლად საჭირო საბრძოლო მასალა მიიღოს.

რუტეს თქმით, წინა დღეს ბერლინში იმყოფებოდა, რათა ნატო-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან განეხილათ, როგორ უნდა გაგრძელდეს იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინამ საჭირო დახმარება მიიღოს.

„მივესალმები გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდების მიერ გამოცხადებულ დამატებით მხარდაჭერას, ბელგიამ 1.1 მილიარდი ევროს ოდენობის კიდევ ერთი პაკეტი გამოაცხადა და ასევე ბევრმა სხვა ქვეყანამ ძალიან ნათლად გამოხატა თავისი ვალდებულებები“, - აღნიშნა რუტემ.

ის გუშინ უკრაინაზე განხორციელებულ სარაკეტო და დრონებით თავდასხმებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს აჩვენებს, თუ რამდენად დაუნდობელია რუსეთი.

„ის აგრძელებს ტერორის გავრცელებას ციდან. კლავს და აზიანებს უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინას ჩვენი დახმარება სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დღეს, მშვიდობის უზრუნველსაყოფად ძლიერ პოზიციაში ყოფნისთვის და ასევე ნებისმიერი მომავალი აგრესიის შესაკავებლად“, - აღნიშნა რუტემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი