Samsung Electronics-ის თავმჯდომარემ, ჯეი ლიმ, სამხრეთ კორეის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი მას შემდეგ დაიბრუნა, რაც გასულ წელს ის MBK Partners-ის დამფუძნებელს, მაიკლ კიმს დაუთმო. მიმდინარე წელს ჯეი ლის ქონება თითქმის სამჯერ გაიზარდა და, შედეგად, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, სამხრეთკორეელი ბიზნესმენი ამჟამად მისთვის რეკორდულ $25.8 მილიარდს ფლობს.

მიმდინარე წელს ჯეი ლის სიმდიდრის მკვეთრი ზრდა, უმეტესად, ნახევარგამტარების გლობალური დეფიციტის ფონზე, Samsung-ის მეხსიერების ჩიპებზე მოთხოვნის მატებას უკავშირდება. ასევე, გასული წლის ივლისში კომპანიამ AI-ჩიპების წარმოებისთვის Tesla-სთან $16.5 მილიარდის ღირებულების მრავალწლიანი კონტრაქტიც გააფორმა. თებერვალში კი კომპანიამ მაღალი გამტარუნარიანობის High Bandwidth Memory 4 (HBM4) ჩიპების მასობრივი წარმოება დაიწყო. ეს უკანასკნელი Nvidia-ს ახალი თაობის AI-ამაჩქარებლისთვის ძირითადი კომპონენტია.

HBM4-ის წარმოება Samsung Electronics-ს AI-მეხსიერების ჩიპების ბაზარზე პოზიციების აღდგენაში დაეხმარა. მიუხედავად HBM-ის ჩიპების ბაზარზე არსებული კონკურენციისა, სტანდარტული (non-HBM) მეხსიერების ჩიპების წარმოების მოცულობით Samsung-ი კვლავ გლობალური ლიდერია. 2025 წელს სამხრეთკორეული კონგლომერატის წმინდა მოგება 31%-ით, $30 მილიარდამდე, ხოლო შემოსავალი 11%-ით, $223 მილიარდამდე გაიზარდა.

ვრცლად forbes.ge - ზე