„ისეთი მნიშვნელოვანი შეთანხმებები, როგორიც არის ასოცირების ხელშეკრულება, არ შეჩერებულა, შესაბამისად, ეს ყველაფერი მაინც აღიქმება, დროებით დაპაუზებულად“, - ამის შესახებ ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გვანცა მელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ იმ გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა, რომელიც საქართველოს, 2025 წელს, ევროკავშირთან მიმართებით შეიძლება ჰქონდეს.
მისი თქმით, თუ აღნიშნული ხელშეკრულებაც შეჩერდა, ეს იქნება დიდი სიგნალი და ქართული პროდუქცია აღარ იქნება კონკურენტუნარიანი ევროკავშირში.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროკავშირში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის კუთხით ზრდა არ იქნება ისეთი, როგორც მანამდე იყო. წინა წლებში ყოველთვის იყო ზრდა გარკვეულ დარგებში. შეიძლება, ეს არ იყო მასშტაბური, რადგან ევროპაში ექსპორტირებული საქონლის ძალიან დიდი წილი, 40-50% და ზოგჯერ 60%-იც კი, იყო ნედლეული, კერძოდ, გადაუმუშავებელი მეტალები, რაც ჩრდილავს ხოლმე სტატისტიკას. თუმცა, თუ მონაცემებს ჩავშლით, ამ წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი ზრდა გვქონდა სხვადასხვა მსუბუქი მრეწველობის დარგის პროდუქციაში, ასევე, სურსათის და ღვინის კუთხით. რეალურად, ამ მონაცემებიდან და იმ პროცესებიდან გამომდინარე რაც ხდება, ექსპორტის ზრდის ტენდენცია აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო, შესაძლებელია, შემცირდეს კიდეც. იმიტომ, რომ ნებისმიერ შეთანხმების (როგორც წესი, ეს არ არის უვადო შეთანხმებები, კომპანიებს აქვთ 1-წლიანი კონტრაქტები) განახლება ემყარება ახალი რისკების შეფასებას, ახალ რისკებში კი, უკვე ხვდება სანქციები და ასევე პოტენციური სანქციები, რომელიც შეიძლება შეეხოს სხვა იურიდიულ პირებსაც. ისიც გავითვალისწინოთ, რომ საქართველოდან ევროკავშირში ყველაზე დიდი ექსპორტიორი „არემჯი კოპერი“ არის რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში, ისინი ამჯერად არ არიან დასანქცირებული, მაგრამ ამას უკვე წითელი დროშის ეფექტი აქვს და აქედან გამომდინარე, არის იმის რისკი, რომ 2025 წლის განმავლობაში ევროკავშირში კომპანიებმა თავი შეიკავონ კონტაქტების გაფორმებისგან ისეთ ბიზნეს სუბიექტებთან, რომლებიც შესაძლოა, სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ.
თუმცა, არ მგონია, რომ ამას მასშტაბური ეფექტი ექნება, იმიტომ, რომ ევროკავშირში იმ ყველაფერს, რაც ჩვენთან ხდება დროებით პრობლემად აღიქვამენ და მაინც არის განწყობა, რომ შესაძლოა, სიტუაცია შეიცვალოს, სანამ ხედავენ, რომ არის დიდი პროტესტი და საზოგადოების უმრავლესობა მაინც არის პროევროპული. ამასთან, ისეთი მნიშვნელოვანი შეთანხმებები, როგორიც არის ასოცირების ხელშეკრულება, არ შეჩერებულა, შესაბამისად, ეს ყველაფერი მაინც აღიქმება, დროებით დაპაუზებულად. თუ ესეც შეჩერდა, ეს იქნება დიდი სიგნალი და სამწუხაროდ, ქართული პროდუქცია აღარ იქნება კონკურენტუნარიანი ევროკავშირში “,- ამბობს გვანცა მელაძე.
შეგახსენებთ, რომ უკვე თვეზე მეტია საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. ასევე კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, "ქართული ოცნების" გუნდი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესს არ დაიწყებს.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი