საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური პროგნოზები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სებ-ის საბაზისო სცენარით 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი 2.8% იქნება.

ანალოგიური, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს სებ-ი 2024 და 2025 წლებისთვისაც.  რაც შეეხება 2023 წლის პესიმისტურ სცენარს, ეკონომიკური ზრდა 3%, ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში კი 7.5% იქნება.

საბაზო სცენარის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის მაისის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში მოცემულ პროგნოზს ეფუძნება, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა ზრდას სტაბილურად განაგრძობს.

მომდევნო წლებში კი მიგრაციული ნაკადების მილევისა და სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკების გაჯანსაღების ფონზე საქართველოს ეკონომიკა პოტენციური დონის ფარგლებში გაიზრდება. ქვეყანაში მაკროეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურების კვალდაკვალ უმუშევრობის დონეც შემცირდება“, - ნათქვამია ანგარიშში.

სებ-ის საბაზისო პროგნოზით, 2023 წელს საქართველოში ინფლაციის საშუალო დონე 2.8%, 2024 წელს 3.2%, 2025 წლისთვის კი 3.3% იქნება. 2024 წლის ოპტიმისტური სცენარით ინფლაცია 5%, პესიმისტურით კი 3% იქნება.

საბაზო სცენარში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივზე დაბლა ნარჩუნდება, რაშიც დიდი წვლილი საერთაშორისო ბაზარზე ენერგომატარებლებისა და საკვები ნედლეულის ფასების ეტაპობრივ შემცირებას, გაცვლითი კურსის გამყარებასა, და გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას მიუძღვის.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ნელი ტემპით კლებისა, ადგილობრივი ინფლაცია კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც ძირითადად მომსახურების სექტორში ფასების მატებით არის განპირობებული“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

ანგარიშის მიხედვით, სებ-ის საბაზო სცენარის ირგვლივ გაურკვევლობა ნარჩუნდება. კერძოდ, მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის ომის ხანგრძლივობასა და მსოფლიოს წამყვანი და საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში შესაძლო რეცესიის რისკების რეალიზაციაზე.