2023 წლის მარტში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა თებერვლის მაჩვენებელს 2%-ით ჩამორჩა. ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.
„თბილისში სულ 3,328 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 7%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
ამავდროულად, საშუალო გასაყიდმა ფასმა ზრდა განაგრძო და 1,153$-ს გაუტოლდა, რაც 39%-ით აჭარბებს 2022 წლის მარტის და 1.5%-ით წინა თვის მაჩვენებელს. ფასების ზრდის ხარჯზე ბაზრის ზომა წლიურად 34%-ით გაიზარდა და 261$ მილიონი შეადგინა.
2023 წლის მარტში სულ 633 ახალი ბინა გაიყიდა რაც 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17%-ით ნაკლებია. კლების მსგავსი მაჩვენებელი დაფიქსირდა წინა თვესთან შედარებითაც (-15%). ძველი ბინების შემთხვევაში (2,695 ტრანზაქცია) მკვეთრი ცვლილებები ნაკლებად შეიმჩნევა. წინა წელთან შედარებით 4%-ანი კლება დაფიქსირდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 2%-ანი მატება. შედეგად, ახალი ბინების წილი მთლიან ტრანზაქციებში 19%-მდე შემცირდა.
საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ახალი (+45%), ასევე ძველი ბინების (+37%) შემთხვევაში. წინა თვესთან შედარებით ახალ ბინებში მკვეთრი ზრდა გამოიკვეთა (+6.6%), ხოლო ძველ ბინებში ფაქტობრივად უცვლელი დარჩა (+0.2%)“, - ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაში.