თბილისის სასტუმროებში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯმა მიმდინარე წლის სექტემბერში 719 ლარი შეადგინა (2025 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 646 ლარი იყო), ხოლო რესტორნებში საშუალო დანახარჯი 71 ლარი იყო, - ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ მომზადებულ ტურიზმის მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვის მიხედვით, სექტემბერში არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯები წლიურად გაიზარდა.
„თბილისში არარეზიდენტების დანახარჯები გაიზარდა როგორც სასტუმროებში, ისე რესტორნებში, თუმცა ზრდის განმაპირობებელი ფაქტორები განსხვავდებოდა. სასტუმროებში დანახარჯების ზრდას ხელი შეუწყო როგორც ტრანზაქციების რაოდენობის, ისე ტრანზაქციის საშუალო მოცულობის მატებამ. ეს უკანასკნელი შესაძლოა განთავსების გაძვირებას ან სასტუმროში უფრო ხანგრძლივ დარჩენას უკავშირდებოდეს. რესტორნებში კი დანახარჯების ზრდა ტრანზაქციების რაოდენობის მატებამ განაპირობა, თუმცა თითოეული გადახდისას საშუალოდ ნაკლები თანხა იხარჯებოდა.
2026 წლის სექტემბერში არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯები და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 27% -ით გაიზარდა.
მომდევნო პერიოდში ტრანზაქციის საშუალო მოცულობის დაბალმა დონემ შესაძლოა რესტორნებში დანახარჯების ზრდა შეაფერხოს, განსაკუთრებით ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის ტემპის შენელების შემთხვევაში“, - ნათქვამია TBC Capital-ის მიმოხილვაში.