საერთაშორისო ბაზრებზე შაქარი სწრაფად იაფდება და დღესდღეობით საბითუმო ღირებულება 3,5-წლიან მინიმუმზეა. 1 ტონა თეთრი შაქარი 470 დოლარის ფარგლებშია, რაც 2021 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასია. 500 დოლარს დაბლა ფასი ბოლოს 2022 წლის თებერვლის დასაწყისში დაფიქსირდა. პიკური მაჩვენებელი იყო 2023 წლის ოქტომბერი, როცა ფასმა 730 დოლარს გადააჭარბა.
სულ რაღაც თვენახევრის წინ 1 ტონა შაქრის ღირებულება 550-560 დოლარის ფარგლებში იყო. ერთწლიან პერიოდში ერთ-ერთი მთავარი სასურსათო პროდუქტი 16%-თ გაიაფდა. მსოფლიო ტრენდს ქართული ბაზარი რამდენად აჰყვება, იმპორტიორებს ამაზე პროგნოზის გაკეთება უჭირთ. მათი ვარაუდით, საუკეთესო შემთხვევაში, შაქარი შეიძლება კიდევ 15-20 თეთრის ფარგლებში გაიფდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფასების ვარდნა გამოიწვია მსოფლიოში სიდიდით მეორე მწარმოებლის ინდოეთის გადაწყვეტილებამ, დაუშვას 1 მილიონი ტონა შაქრის ექსპორტი. ექსპორტზე შეზღუდვა სექტემბრის ბოლომდე გაუქმდება. ნიუ დელიში გადაწყვეტილება შაქრის ქარხნების მხარდასაჭერად და ადგილობრივ ბაზარზე ფასების დასარეგულირებლად ახსნეს.
ბირჯებზე ასევე მოქმედებს მოლოდინი, რომ ტაილანდმა შესაძლოა, ბაზარზე მეტი პროდუქცია გამოიტანოს გასაყიდად.
"ტრეიდინგ ეკონომიკსის" ინფორმაციით, ინდოეთის ხელისუფლებამ, მსოფლიოში შაქრის სიდიდით მეორე მწარმოებელმა, მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო წელს, რომლის სექტემბერში სრულდება, შაქრის ექსპორტის კვოტა 1 მილიონ ტონამდე გაზარდა. მთლიანობაში, ქვეყანა სასოფლო-სამეურნეო წელს 27 მილიონ ტონაზე მეტი შაქრის წარმოებას ელის.
ბრაზილიაში კი შაქრის ლერწმის პლანტაციებისთვის ხელსაყრელმა ამინდმა, მსოფლიოში შაქრის წამყვან მწარმოებელ ქვეყანაში მოსავლის უფრო მაღალი პროგნოზი განაპირობა. გარდა ამისა, ეთანოლის ფასების დაცემამ ფერმერები აიძულა უფრო მეტი ლერწამი გადაენაწილებინათ შაქრის გადამუშავებაზე, ვიდრე ბიოსაწვავის წარმოებაზე.
რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ფასების მხრივ ვითარებაა ჯერჯერობით უმნიშვნელოდ არის შეცვლილი. იმპორტიორებს გლობალური გაიაფების პირობებშიც აეჭვებს შაქარზე ფასის კლება და აცხადებენ, რომ შესაძლოა, ფასი მცირედით შემცირდეს. ინდმეწარმე თენგიზ ფაცაცია ,,რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ შაქარი 15-20 თეთრით გაიაფდეს.
,,გააჩნია ქართულ ბიზნესს შაქრის გაიაფების თემა როგორ ესმის და რას დარქმევს ამ პროცესს, რომელიც ჯერ კიდევ გაუგებარია. წესით საერთაშორისო ფაქტორიდან გამომდინარე, ფასი აქაც დაიკლებს. ცვლილება ისედაც შეინიშნება - 5-10-თეთრიანი სხვაობა უკვე დაფიქსირდა. ტენდენცია გაგრძელდება, მაგრამ არ ველი, რომ 20 თეთრზე მეტად გაიაფდება. ამ მასშტაბის ცვლილება კი რეალურად დიდი შეღავათი არ არის. 1კგ შაქრის ფასი იდეალურ შემთხვევაში 2,30 ლარი გახდება, ხოლო 1 ტომრის ღირებულება 110 ლარი გახდება. მე, როგორც მეწარმე, მას 115 ლარში გავყიდი, რაც სარეალიზაციო ქსელებამდე კიდევ მოიმატებს და დაახლოებით საცალო ფასი 2,30 ლარი გახდება. დიდი შეღავათი არ არის, მაგრამ ამ სიტუაციაში სავსებით ლოგიკურია.
საქმე ისაა, რომ კომპანიები, რომელებიც ყიდიან და შემდეგ აფასოებენ შაქარს, არ აკლებენ ფასს. ამიტომაა, რომ გლობალური გაიაფების პროცესი ადგილობრივ ბაზარზე, საცალო გაყიდვებზე ნაკლებად მოქმედებს. რა მოხდება, ვერ გეტყვით წინასწარ. ახალი წლიდან ახალი კვოტირება იწყება. და რა ცვლილებებს მოახდენს ეს ყველაფერი 2025 წელს, უცნობია სიტუაცია მოულოდნელად შეიძლება შეიცვალოს, ვერ განსაზღვრავ, გაძვირებას ველოდით, მაგრამ რაღაც-რაღაცებმა იმოქმედა და უმოკლეს პერიოდშივე ფასი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა", - აღნიშნა ფაცაციამ.
ამ ეტაპზე სუპერმარკეტებში, სადაც ასაწონი შაქარია გაყიდვაში, შაქარი 2,35-2,40 ლარი ღირს. როგორც ნაძალადევში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის მენეჯერმა მერი სხულაძემ აღნიშნა, ბოლოს ფასი დაახლოებით ერთი კვირის წინ შეცვალეს. მისი თქმით, მოთხოვნა სტაბილურად მზარდია, რაც მიმდინარე პერიოდში სეზონური ფაქტორიტაც არის განპირობებული.
,,არის პერიოდი, როცა გაზრდილი მოთხოვნის გამო რაოდენობაზე ლიმიტის დაწესებაც გვიწევს. ახლა ამის აუცილებლობა არ არის. ფასი შემცირებულია. კონკრეტულად რას უკავშირდება იგი და რამ გამოიწვია ცვლილება, ვერ გეტყვით, კონკრეტულად ჩვენს მაღაზიაში, ერთი კვირის წინ 5 თეთრით გავაიაფეთ შაქარი, რამაც ცოტათი წაახალისა რეალიზაცია. ჯერ მაინც სადღესასწაული პერიოდია და ეს ფაქტორიც მოქმედებს. დისტრიბუციის მხრიდანაც ჯერჯერობით ყველაფერი წესრიგშია.
გაიაფების პროცესი ალბათ გაგრძელდება და საჭიოების შემთხვევაში, ცვლილებას კიდევ მოვახდენთ. კონკრეტულად რამდენით, ჯერ საუბარი მიჭირს, გააჩნია იმასაც, დისტრიბუცია პროდუქტს რა ფასად მოგვაწვდის“, - აღნიშნავს მაღაზიის მენეჯერი.
რაც შეეხება გასული წლის ტენდენციას, 2024 წლის 21 აგვისტოს შაქრის ფასი თითქმის ორი წლის მინიმუმამდე დაეცა. ვარდნა გამოწვეული იყო ბრაზილიიდან მიწოდების გაზრდის მოლოდინით, რომელიც შაქრის უდიდესი მწარმოებელია. იმავდროულად, ევროკავშირმა, კვოტების გადაჭარბების გამო, უკრაინიდან კვერცხსა და შაქარზე გადასახადი აღადგინა. აღნიშნული გადასახადი ძალაშია 2024 წლის 2 ივლისიდან 2025 წლის 5 ივნისამდე.
წყარო: რეზონანსი