ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2026 წლის საგაზაფხულო შეხვედრების დასრულების შემდეგ, სსფ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იერუნ კლიკმა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა დადებითად შეაფასა.

იერუნ კლიკის განცხადებით, საქართველოს დელეგაციასთან გამართული შეხვედრები კონსტრუქციული იყო. მისი თქმით, განხილვის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს გლობალური გაურკვევლობის ფონზე.

სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და, რეგიონული და გლობალური რისკების მიუხედავად, პოზიტიურ დინამიკას ავლენს.

ამასთან, იერუნ კლიკმა ხაზი გაუსვა ტექნიკური დახმარების მიმართულებით თანამშრომლობას და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ სსფ-ის მხარდაჭერის ეფექტიანი გამოყენება, რაც, მისი თქმით, დამატებით ღირებულებას ქმნის.

მისივე განცხადებით, თბილისში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში IV მუხლის მისია წარმატებით წარიმართა და ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრას შეუწყო ხელი.

ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.