საქართველო კარგავს რეგიონული ჰაბის შესაძლებლობას და გარკვეულწილად ჩაჩოჩდა ერთის მხრივ, აზერბაიჯანის, მეორეს მხრივ - თურქეთის მიმართულებით, - ამ განცხადებას რადიო „კომერსანტის“ ეთერში სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი პაატა ცაგარეიშვილი აკეთებს.

როგორც პაატა ცაგარეიშვილი განმარტავს, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა ჩაატარა კვლევა ბალტიის ჰაბის მშენებლობის გარშემო, რომელმაც სტარტი 2022 წელს აიღო და პროექტი 2025 წელს დასრულდა.

„დაახლოებით ანაკლიის საინვესტიციო მოცულობაზეა საუბარი. 3 წელიწადში დასრულდა მშენებლობა. პროცესი მიმდინარეობდა ინტენსიურად, მათ შორის, ევროკავშირის ყველანაირი ხელშეწყობით. ჩვენს შემთხვევაში, ეკონომიკის სამინისტრომ დაგვისვა ინდიკატორი - 2029 წელი, როცა ანაკლიაში პირველი გემი შევა. რეალურად, 2024 წლის მაისში უნდა გამოცხადებულიყო ინვესტორი, რომელიც იქნებოდა ანაკლიის პორტის ფინანსური კონტრიბუტორი 49%-ით. წელიწად-ნახევარი გავიდა და ჯერ ესეც არ არის ცნობილი. უფრო მეტიც, არც მისასვლელი რკინიგზა, საავტომობილო გზა არც ფიგურირებს. ბიუჯეტში 50 თუ 100 მილიონი ლარის გათვალისწინება, დამეთანხმებით, არ არის ის თანხა, რაც ასეთი მასშტაბების პროექტს განახორციელებს“, - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ 2029 წლისთვის საქართველო პირველ გემს ვერ მიიღებს და შესაძლოა, კიდევ დამატებითი 3 წელიც დასჭირდეს, ისიც, თუ ინტენსიური მშენებლობის პროცესი დაიწყება.

„ჩნდება კითხვის ნიშნები, ხომ არ ხდება ანაკლიის ნავსადგურის ხელოვნური ბლოკირება და ამის წინაპირობებიც არსებობს. ბლოკირების ინტერესები, რა თმა უნდა, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისკენ მიდის.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ის მეზობელი ქვეყნები, რომლებიც ინტენსიურად ავითარებენ თავიანთ ინფრასტრუქტურას, იქნება ეს სარკინიგზო თუ საავტომობილო და რაც მთავარია, კასპიის ზღვაზე საზღვაო ინფრასტრუქტურას, ეს მათთვის არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი და ანალოგიურ ნაბიჯს მოელიან საქართველოსგან, რადგან მათ მიერ ჩადებული ფინანსური სახსრები არ იქნეს დაბალი უკუგებით დაბრუნებული. აქედან გამომდინარე, ანაკლიის ნავსადგური იქნებოდა ის კონტრიბუტორი, რომელიც გარკვეულწილად დააბალანსებდა ჩვენი მეზობელი ქვეყნების ქმედებებს.

ეს დაკარგული წლები ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობების ხელიდან გაშვებაა. დღესდღეობით ინტენსიურად მიმდინარეობს რეგიონში ტვირთნაკადების გადანაწილების პროცესი, იხსნება ახალი დერეფნები თუნდაც ავღანეთის, ჩინეთის მიმართულებით. როცა ტვირთი დაიკავებს ამა თუ იმ დერეფანს, შემდეგ მისი უკან გადართვა და დაბრუნება უფრო რთული პროცესია, ვიდრე - დამკვიდრება. აქედან გამომდინარე, პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს და 5-6 წელი, რომელიც გვაშორებს ანაკლიის გახსნისგან, მიუთითებს იმაზე, რომ შევდივართ დაკარგული შესაძლებლობების პერიოდში“, - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.