„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (GSE) ელექტროენერგეტიკული ქსელის მართვისთვის გამოყენებული პროგრამის, APA-ს, ერთწლიან ტექნიკურ მხარდაჭერას 48 000 ევროდ შეისყიდის. თანხა დღგ-ს არ მოიცავს.
შესყიდვა გამარტივებული წესით, ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძველზე განხორციელდება.
GSE-ს განმარტებით, პროგრამა ელექტროენერგეტიკული ქსელის უსაფრთხო მუშაობისთვის გამოიყენება. მისი საშუალებით ხდება მოკლე ჩართვის დენის გაანგარიშება, დაცვის სისტემების მუშაობის შემოწმება და ქსელის სტაბილურობის შეფასება.
სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, პროგრამის ტექნიკური განახლების გარეშე დატოვებამ ან არაუფლებამოსილი მიმწოდებლის ჩართვამ შესაძლოა მონაცემთა ბაზის დაზიანება და ენერგოსისტემის სრული ან ნაწილობრივი პარალიზება გამოიწვიოს.
პროგრამის დეველოპერი გერმანული კომპანია Siemens AG-ია. კომპანიის გადაწყვეტილებით, საქართველოში მისი ლიცენზიების გავრცელების, ინსტალაციისა და მომსახურების ექსკლუზიური უფლება თურქულ წარმომადგენლობას 2028 წლის 30 აპრილამდე აქვს მინიჭებული.
GSE-ს ინფორმაციით, შესყიდვაზე თანხმობა საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსგან (OTA) უკვე მიღებულია.