„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა. აღიარება პარიზული კლუბისა და მისი ფეხბურთელების მიერ დამყარებულ 12 ოფიციალურ რეკორდს უკავშირდება, რომელთა შორის ერთ-ერთი ქართველის ინდივიდუალური მიღწევაა,- ინფორმაციას BMG ავრცელებს.

კერძოდ, კვარაცხელიამ უეფას ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში რეკორდი დაამყარა – 2026 წლის 25 თებერვლიდან 6 მაისამდე პერიოდში მან ტურნირის ზედიზედ შვიდ პლეი-ოფის მატჩში შეძლო მინიმუმ ერთ საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა, გოლის გატანით ან საგოლე გადაცემით.

2025-2026 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენმა“ კიდევ რამდენიმე ისტორიული შედეგი დააფიქსირა. გუნდმა ტურნირზე ჯამში 45 გოლი გაიტანა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. კლუბის ნახევარმცველმა ვიტინიამ კი ერთ სეზონში 1 602 ზუსტი გადაცემა შეასრულა.

გარდა ამისა, 2025 წლის 31 მაისს მიუნხენში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-მ მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ეს ტურნირის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა. იმავე შეხვედრაში დეზირე დუემ სამი საგოლე მოქმედება (ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა) შეასრულა, რაც ფინალების ისტორიაში რეკორდული შედეგია.

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში ასევე შევიდა პსჟ-ის მიღწევები საფრანგეთის ჩემპიონატში. კლუბი ლიგა 1-ის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდია 14 ჩემპიონობით. პარიზელებს ეკუთვნით ასევე ერთ სეზონში მოპოვებული 96 ქულის, ზედიზედ მოგებული 14 მატჩისა და ზედიზედ წაუგებელი 36 საერთო და 39 გასვლითი შეხვედრის რეკორდები.

ინდივიდუალურ მიღწევებს შორის აღსანიშნავია მარკინიოსის რეკორდი – ლიგა 1-ში 11 საჩემპიონო ტიტული, ხოლო ფაბიან რუისის – ზედიზედ 51 წაუგებელი შეხვედრა.

სულ გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში „პარი სენ-ჟერმენის“ 12 გუნდური და ინდივიდუალური მიღწევა დარეგისტრირდა.