დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების უფასოდ გადაცემის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებსა და კოლეჯებში სპეციალური სივრცეები მოეწყობა.
როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და რესურსცენტრებს უფლება მიეცათ, მათ მფლობელობაში არსებული ფართების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცენ განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. ფართები კომპანიას 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გადაეცემა.
გამოყოფილ სივრცეებში, მათ შორის სპორტულ და სააქტო დარბაზებსა და საკლასო ოთახებში, სასკოლო ფორმების დასაწყობებისა და მოსწავლეებისთვის უფასოდ გადაცემის პუნქტები განთავსდება.
გარდა ამისა, კომპანიას უფლება ექნება, ამავე ფართებში განათავსოს საინფორმაციო ბანერები და საბანკო გადახდის ტერმინალები, რომელთა საშუალებითაც მშობლებსა და მოსწავლეებს სასკოლო პროცესთან დაკავშირებული საბანკო ფასდაკლებების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
მთავრობის გადაწყვეტილება ვრცელდება თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში მდებარე ათეულობით საგანმანათლებლო დაწესებულებაზე.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო ფორმების შეძენის მეორე ეტაპი 2 ნოემბერს დაიწყო. თუ პირველ ეტაპზე ფორმები მხოლოდ პირველკლასელებისთვის იყო განკუთვნილი, ამჯერად მათი შეძენა II-VI კლასების მოსწავლეებისთვისაა შესაძლებელი.
ფორმების შეკერვას განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ უზრუნველყოფს. 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშის თანახმად, 2026-2027 სასწავლო წლისთვის 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმა შეკვეთილი იყო, რისთვისაც 45.7 მლნ ლარი დაიხარჯა.
ფორმები ჩინურმა კომპანია Glory Textile Industry-მ შეკერა. კომპანია საქართველოში 2026 წლის 10 მარტს დარეგისტრირდა, მისი მფლობელი კი ჩინეთის მოქალაქე ლიუ ქსიაოლინია.