ბორჯომის ხეობაში 2008 და 2017 წლების ხანძრებით განადგურებული ტყის აღდგენა გრძელდება. 2018 წლიდან დამწვარ ტერიტორიებზე 250 000-ზე მეტი ნერგი დაირგო. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ნერგების გახარების მაჩვენებელი მაღალია, თუმცა ტყის ეკოსისტემის სრულ აღდგენას ათწლეულები დასჭირდება.

2008 წლის ხანძარმა ბორჯომის ხეობაში 950 ჰექტარი ტყე გაანადგურა, 2017 წელს კი ცეცხლმა დაახლოებით 980 ჰექტარი მოიცვა და მანამდე ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების ნაწილი გაანადგურა.

აღდგენითი სამუშაოები 2018 წელს განახლდა და ნერგების დარგვასთან ერთად ნიადაგის დაცვისა და ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებებსაც მოიცავდა. განსაკუთრებით დაზიანებული იყო სოფელ დაბასთან მდებარე 250 ჰექტარი ტერიტორია, სადაც ტყე სრულად დაიწვა. ამჟამად მონაკვეთზე დამატებითი ჩარევა აღარ მიმდინარეობს და სპეციალისტები ტყის ბუნებრივ განახლებას აკვირდებიან.

პარლამენტში ეროვნული სატყეო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის განხილვისას ხანძრების პრევენციის საკითხიც განიხილეს. სააგენტოში ტყეში კვამლისა და ცეცხლის დეტექტორებით აღჭურვილი ვიდეოკამერების დამონტაჟებას გეგმავენ. მსგავსი სისტემა უკვე მუშაობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, სადაც 9 ხანძრის აღმომჩენი კამერაა დამონტაჟებული.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძრების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია მათი ადრეული გამოვლენა და კერების დროული ლოკალიზება. სისტემის გაფართოება კი მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვს.