გასული კვირის განმავლობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი სამივე ქართული კომპანიის — „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „საქართველოს კაპიტალის“ აქციების ღირებულება გაიზარდა.

ყველაზე მაღალი, 6.49%-იანი ზრდა TBC Bank Group-ის აქციებმა აჩვენა და ერთი აქციის ფასი 48.56 გირვანქა სტერლინგს გაუტოლდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.71 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

Lion Finance Group-ის (საქართველოს ბანკი) აქციების ფასი 5.46%-ით გაიზარდა და 127.92 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 6.19 მილიარდი გირვანქა სტერლინგია.

რაც შეეხება Georgia Capital-ს, მისი აქციების ღირებულება 4.94%-ით გაიზარდა და 45.65 გირვანქა სტერლინგს მიაღწია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.98 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

ექვსთვიან ჭრილში ყველაზე მაღალი, 18.27%-იანი ზრდა Georgia Capital-ის აქციებმა აჩვენა. ამავე პერიოდში Lion Finance Group-ის აქციები 14.32%-ით, ხოლო TBC Bank Group-ის აქციები 7.77%-ით გაძვირდა.