საქართველოში სოფლის მოსახლეობის ნაწილი რძეს დღეს დაახლოებით 1 ლარად და 30 თეთრად აბარებს, მაშინ როცა მაღაზიებში რძის ფასი ხშირად 5 ლარს აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას Tok2Region-ი ავრცელებს. როგორცც ადგილობრივ მედიას წალკელი ფერმერები ეუბნებიან, მათ ხარჯი გაეზარდათ, თუმცა, ჩასაბარებელმა ფასმა იკლო. წალკისა და სხვა რეგიონების მოსახლეობა ამბობს, რომ რძის ჩაბარების ფასი იმდენად დაბალია, რომ ხშირად პროდუქტის თვითღირებულებასაც ვერ ფარავს. ფერმერების თქმით, ისინი იძულებულები არიან რძე იაფად ჩააბარონ, რადგან ალტერნატიული ბაზარი პრაქტიკულად არ არსებობს, ხოლო მალფუჭებადი პროდუქტის დიდხანს შენახვა შეუძლებელია. უმეტეს შემთხვევაში, მერძევეობა წალკელი ოჯახების ერთადერთი შემოსავალია.
თალიკო ბოლქვაძე სოფელ არწივანში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. თალიკოს 4 ძროხა ჰყავს და ყოველდღიურად აბარებს რძეს. ლიტრა რძის ფასი ამჟამად 1 ლარი და 40 თეთრია. თვეში 100- 150 ლიტრს აბარებს. რძეს მხოლოდ მაშინ აბარებს როცა მაღალი ფასი აქვს, სხვა დროს სახლში იტოვებს. გვეუბნება, რომ დაბალ ფასად რძის ჩაბარება არ უღირს, რადგან საკუთრივ ძროხის შენახვა ძვირია. რძიდან აღებული თანხა ოჯახის საჭიროებებს ხმარდება.
მერი დიმიტრაძე ეკომიგრანტია. ის 21 წელია რაც წალკაში, სოფელ არწივანში ცხოვრობს. რძის ფასით ისიც უკმაყოფილოა.
“გაგვიიაფეს რძე, ცხოვრება გაძვირდა, ყველაფერი გაძვირდა, არ ღირს ძროხის შენახვა. ჩასაბარებელი ლიტრა რძის ფასი 1 ლარი და 40 თეთრია რაც ძალიან დაბალია. სათიბი ბევრი არ გვაქვს, არ ღირს ქირაობა. თივა ძვირი ჯდება. ჩვენ დამოკიდებული ვართ სოფლის მეურნეობაზე, კარტოფილზე და ძროხების შემოსავალზე. უბრალო წყალი 1 ლარი და .80 -თეთრია, დენიც გაძვირდა ჩვენია ყველაფერი იაფი.”- ამბობს ის.
სამი ძროხის რძისგან აღებული თანხა არც მერი შავაძის ოჯახს ჰყოფნის.
“არ გვყოფნის, მაგრამ ვცდილობთ ვიმყოფინობთ, სხვა გზა არაა. არ გვაქვს მიწები, არ გვაქვს საძოვრები, ვქირაობთ, სანახევროდ ვცელავთ. ყველაფერი გაძვირდა, მაგრამ ჩვენი რძე არ ძვირდება. ოჯახის შემოსავალი რძეა, მეტი არაფერი გვაქვს. დღეში 9 ლიტრა მაქვს, აღებული თანხა ძალიან ცოტაა. ამ თანხით ვყიდულობთ ზეთს, შაქარს, ყავას, ასე გაჭირვებულად ვცხოვრობთ.” - ამბობს ფერმერი.
ძროხის მოვლა-პატრონობა რთული და სულ უფრო ნაკლებშემოსავლიანია სოფელ დარაკოვის ფერმერებისთვისაც.
,,ჩვენ გვყავს ძროხები ოჯახისთვის, ვეწევით მეცხოველეობას, მაგრამ ეს როგორც შემოსავალი არ შეესაბამება მის თვითღირებულებას. ამ დროისთვის რძის ფასი შეადგენს 1.40, უფრო იაფია ვიდრე წყალი. ასე ვცხოვრობთ თვიდან თვემდე, ზაფხულში კიდევ იკლებს. ეს დაცინვაა.” – ამბობს გაიანე კანდელიანი, სოფელ დარაკოვის მკვიდრი.
მზეო სურმანიძეს ჰოლანდიური ჯიშის საქონელი ჰყავს, ამბობს რომ მათ საქონელს უფრო მეტი საკვები სჭირდება, ვიდრე სხვა ჯიშის ძროხას. ზამთარში ძროხის გამოკვება განსაკუთრებით ძვირი ჯდება,
"ახლა ძროხები საბალახოზე გაშვებულები არიან, მაგრამ მაინც ვაჭმევთ დამატებით შინაც, რადგან ჯერ ბალახი დიდი არაა, დახმარება სჭირდება, ნორმალურად რომ მოიწველოს. თანხა დაბალია, როგორც ყველის, ისე რძის. თუ ერთიანად დავდგებით ხალხი და უარს ვიტყვით რძის ჩაბარებაზე, შეიძლება დაფიქრდნენ. ჯობია, ერთიანი ვიყოთ ხალხი, მაგრამ ხალხს კრედიტები აქვს და იძულებულები არიან ჩააბარონ. “ - ამბობს მზეო სურმანიძე.
ცნობისთვის, წალკის სოფლებში რძეს ადგილობრივები იბარებენ, შემდეგ კი მსხვილ კომპანიას აბარებენ. ამბობენ რომ ფასს ისინი არ განსაზღვრავენ.
ჩასაბარებელ და მაღაზიის დახლზე არსებულ ფასებს შორის განსხვავება ნაწილობრივ აიხსნება გადამუშავების, ტრანსპორტირების, შეფუთვისა და სავაჭრო ქსელების ხარჯებით, თუმცა, როგორც სპეციალისტები "აგროგარემო TV-ს უხსნიან, პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. ბაზარზე ყველაზე სუსტი პოზიცია მცირე ფერმერს აქვს, რადგან პროდუქციას მცირე რაოდენობით აბარებს და ფასზე გავლენის მოხდენა პრაქტიკულად არ შეუძლია.
აგრარული ეკონომიკის მკვლევარების მტკიცებით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ისიცაა, რომ სოფლებში ხშირად მხოლოდ რამდენიმე ჩამბარებელი კომპანია მუშაობს, რის გამოც კონკურენცია დაბალია და ფასს ძირითადად შემსყიდველი განსაზღვრავს. ამას ემატება ინფრასტრუქტურის პრობლემებიც, - ბევრ ფერმერს არ აქვს გამაცივებელი, ანუ სპეციალური ტემპერატურულიუ რეჟიმით აღჭურვილი, სისტემა ან შესაძლებლობა, რძე თავად გადაამუშაოს და უფრო მაღალი ღირებულების პროდუქტი ადგილზევე შექმნას. შედეგად, დამატებული ღირებულების დიდი ნაწილი სოფლის გარეთ, გადამამუშავებელ და სავაჭრო სექტორში რჩება.
ექსპერტები გამოსავლად კოოპერატივების გაძლიერებას, მცირე გადამამუშავებელი საწარმოების შექმნასა და პირდაპირი გაყიდვების ხელშეწყობას ასახელებენ. მათი თქმით, თუ ფერმერები გაერთიანდებიან და ბაზარზე უფრო ძლიერი მოთამაშეები გახდებიან, მათ მეტი მოლაპარაკების ძალა ექნებათ და პროდუქტის რეალურ ღირებულებასთან უფრო ახლოს მდგომ ფასსაც მიიღებენ.
ცნობისთვის, პროდუქტის ფასი პირველ მწარმოებელთან და მაღაზიის დახლზე სრულიად განსხვავებული პრინციპებით ყალიბდება. ფერმერი, როგორც წესი, ნედლეულს ყიდის — მაგალითად რძეს, ხილს ან ბოსტნეულს — და მისი ფასი დამოკიდებულია სეზონზე, მოთხოვნა-მიწოდებაზე, ხარისხზე, მოცულობასა და იმაზე, რამდენი მყიდველი ჰყავს ადგილზე. თუ რეგიონში მხოლოდ რამდენიმე ჩამბარებელია, ფერმერის მოლაპარაკების ძალა მცირდება და ფასს ძირითადად შემსყიდველი განსაზღვრავს.
მას შემდეგ, რაც პროდუქტი პირველ ეტაპს ტოვებს, ფასს ეტაპობრივად ემატება სხვადასხვა ხარჯი. რძის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ტრანსპორტირება, გაცივება, ლაბორატორიული შემოწმება, პასტერიზაცია, შეფუთვა, საწარმოო დანახარჯები, თანამშრომლების ხელფასები, გადასახადები და საბოლოოდ, მაღაზიის მარჟა. საცალო ქსელები საკუთარ მოგებასაც ამატებენ, რადგან მათაც აქვთ ქირის, ელექტროენერგიის, ლოჯისტიკისა და პროდუქტის დანაკარგების ხარჯები.
თუმცა ეკონომისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ განვითარებად ბაზრებზე პრობლემა მხოლოდ ხარჯები არ არის. როდესაც ბაზარზე კონკურენცია სუსტია და მცირე ფერმერი ორგანიზებული არ არის, საბოლოო ფასში ყველაზე მცირე წილი სწორედ პირველ მწარმოებელზე მოდის. ამიტომ ბევრ ქვეყანაში ცდილობენ კოოპერატივების, ფერმერული ბაზრებისა და ადგილობრივი გადამუშავების გაძლიერებას, რათა დამატებული ღირებულების უფრო დიდი ნაწილი თავად მწარმოებელთან დარჩეს.