„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ბიძინა ივანიშვილს მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის დამფუძნებელი აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახის მიმართულებით გავლენების მოპოვებას ცდილობს.
ნათელაშვილის შეფასებით, ივანიშვილი დასავლეთთან ურთიერთობების დალაგებას სხვადასხვა გზით ცდილობს, მათ შორის, ამერიკის პოლიტიკური და ბიზნესელიტების მიმართულებით კავშირების გამოყენებით. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამ პროცესს საქართველოს შიდა პოლიტიკური და საერთაშორისო კრიზისის კონტექსტში განიხილავს.
შალვა ნათელაშვილის შეფასებით, "ივანიშვილი იმ დონის ავაზაკია, ცდილობს აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახზე გავიდეს.“
"ქართული ცივილიზაცია ათასწლეულები ცხენით, მერანით მოდიოდა და მისი გამოხატულება, ძეგლი უკვდავი გახლდათ იპოდრომი ჩვენი ქვეყნისა, რომელიც დღეს ივანიშვილმა მიიტაცა და იავარჰქმნა. ხედავთ იპოდრომის ნარჩენს, რა ვითარებაა, ტექნიკა შემოსული, ხეები გაჭრილი და ყველაფერი განადგურებული.
მოგეხსენებათ, ჩვენ "ლეიბორისტული პარტია" 12 წელი ვიბრძოდით ოლიგარქის დასანქცირებისთვის და 2024 წლის ბოლოს ვაშინგტონმა დაასანქცირა ეს უდიდესი ეროვნული და საერთაშორისო ბოროტება, რის შემდეგაც ის ტყავიდან ძვრება, რათა რაიმე ხვრელი მონახოს ამერიკის ხელმძღვანელობასთნ და გამოძვრეს ძალიან რთული პროცესიდან, სადაც მოხვდა და წინასწარ ვეუბნები, რომ ვერ გამოვა.
ახლა ცნობილი ხდება რომ გააფორმა ხელშეკრულება "ტრამპ ორგანიზეიშენთან", რომელიც ნიუ-იორკში წარმოადგენს ამერიკის პრეზიდენტის საოჯახო კომპანიას და გასცემს ლიცენზიებს ცათამბრჯენების, ტრამპ-თაუერების მშენებლობაზე და გააფორმა კონტრაქტი მის მიწაზე ტრამპ-თაუერების მშენებლობის შესახებ. მან პარტნიორებად გაიჩინა ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებაზე წარდგენილი ცნობილი "ნავთობმაფიოზა" ფხაკაძე, ვისოლის მფლობელი და ცნობილი კორპუსების მშენებელი და არაბთა ჩამომსახლებელი ქოცი დეპუტატი წულაია. აპირებენ, რომ აი ამ გზით მოახერხონ სანქციებისგან გამოძრომა. ანუ, ცდილობს ამერიკის პრეზიდენტის ოჯახზე გაკვალოს კორუფციის გზა, იმ დონის ავაზაკია.
ამას პირველ რიგში არ დაუშებს პრეზიდენტი ტრამპი და რა თქმა უნდა, ჩვენც ამაში ხელს შევუწყობთ. უკვე ვაცნობეთ ამერიკის კონგრესს, სენატს, სახელმწიფო დეპარტამენტს და ამერიკის ყველა მთავარ მასმედიას იმ ყველა პროვოკაციაზე, რასაც რუსი ოლიგარქი, პუტინნაცვალი, საკუთარი ერის და ქვეყნის გამანადგურებელი გეგმავს ამჯერად ამერიკის წინააღმდეგ მათი დისკრედიტაციისთვის. ჩვენ არ დავუშვებთ არცერთ შემთხვევაში იმას, რომ მოხდეს მისი რაიმე ფორმით გამოძრომა სასანქციო მარწუხებიდან და მოვუწოდებთ შტატების პრეზიდენტს - ძვირფასო პრეზიდენტო, ჩვენ აქ გვჭირდება არა ტრამპ-თაუერი, არამედ რუსი ოლიგარქის მოცილება, მისი და მისი გარემოცვის სრული დასანქცირება, მაგნიტსკის სიაში შეყვანა, მეგობარი აქტის სასწრაფოდ მიღება სენატში, რეჟიმის ჩამოშლა, რის შემდეგაც ჩვენ ავაშენებთ აქ ტრამპ თაუერსაც და ტრამპის სახელობის ქალაქსაც აბრეშუმის გზაზე. დარწმუნებული ვარ შტატები იმოქმედებს ქართველი და ამერიკელი ხალხების სტრატეგიული ინტერესების შესაბამსიად, რათა ერთხელ და სამუდამოდ, ამ გეოპოლიტიკურ მაგისტრალზე, აბრეშუმის გზაზე მოისპოს და დამთავრდეს პუტინიზმის ბატონობა და მსიი სატელიტების გრიალი", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციის ნაწილი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბოლო პერიოდში „ტრამპის ორგანიზაცია“ საერთაშორისო უძრავი ქონების პროექტებში კვლავ აქტიურად ჩნდება, მათ შორის საქართველოშიც. Reuters-ის ინფორმაციით, კომპანია თბილისში ცათამბჯენის პროექტით ინტერესდება, რომელიც დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა უნდა გახდეს. პროექტში ქართული დეველოპერული ჯგუფებიც ფიგურირებენ.
ცნობისთვის, პარალელურად, საერთაშორისო მედიაში აქტიურად განიხილება ავსტრალიაში „ტრამპ თაუერის“ მასშტაბური პროექტის ჩავარდნაც, რომელიც დონალდ ტრამპის ბრენდისთვის სერიოზულ რეპუტაციულ პრობლემად შეფასდა. საუბარია „გოლდ კოსტის“ 91-სართულიან პროექტზე, რომელიც დაახლოებით 1,5 მილიარდ ავსტრალიურ დოლარად იყო შეფასებული და ქვეყნის ყველაზე მაღალი შენობა უნდა გამხდარიყო.
პროექტი რამდენიმე თვეში დაიშალა. „ტრამპის ორგანიზაციამ“ ავსტრალიელი პარტნიორი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, ხოლო ადგილობრივი დეველოპერი აცხადებდა, რომ „ტრამპის ბრენდი ავსტრალიაში ტოქსიკური გახდა“.
ავსტრალიურ მედიაში ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პროექტის წინააღმდეგ 120 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას. ადგილობრივი საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ „ტრამპის ბრენდი“ ქვეყანაში პოლიტიკურ და სოციალურ პოლარიზაციას გამოიწვევდა.
სწორედ ამ ფონზე ქართულ ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საქართველოში „ტრამპის ორგანიზაციის“ პოტენციური პროექტები მხოლოდ ეკონომიკურ ინტერესებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული და მათ შესაძლოა პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდეს.
მმართველ გუნდში კი მსგავსი შეფასებები სპეკულაციად მიაჩნიათ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საერთაშორისო ბრენდებისა და მსხვილი ინვესტორების დაინტერესება საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმართ ნდობის მაჩვენებელია და ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივებზე დადებითად აისახება.