საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის თებერვალში საქართველოს ექსპორტი იანვართან შედარებით 7%-ით შემცირდა და 431.5 მილიონი დოლარი შეადგინა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი დავით კეშელავა ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ სიტუაცია პრობლემად იმ შემთხვევაში შეფასდება თუ ეს ტრენდი გაგრძელდება და ექსპორტის შემცირება მომდევნო თვეებშიც დაფიქსირდა.

მისი განცხადებით, არსებული მონაცემები საგანგაშო არ არის და დაფიქსირებული კლება დრამატულად არ უნდა ჩაითვალოს. ეკონომისტს უჭირს პროგნოზის გაკეთება და იმის თქმა, რა გავლენას მოახდენს ექსპორტი კლების ეს მაჩვენებელი მომავალზე.

,,იანვარ-თებერვლის მონაცემები რომ შევადაროთ წინა წლის ანალოგიურ მონაცემებს დაახლოებით 4%-ით არის შემცირებული ექსპორტი. ეს მოიცავს რეექსპორტის კომპონენტსაც. არ არის მხოლოდ საშინაო ექსპორტი. თებერვალზე ჯერ არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია კომპონენტების მიხედვით. ვიცით იანვრის მონაცემები, თუმცა იანვარში ექსპორტის კუთხით ზრდა გვქონდა. ორი თვის ჯამური ექსპორტის მონაცემების შემცირება თებერვლის ხარჯზე მოხდა. იანვარზე შემიძლია გითხრათ, რომ ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი ძირითადად სამმა კომპონენტმა განაპირობა. ერთ იყო ავტომობილების ექსპორტი, რომელიც მნიშვნელოვან კომპონენტად იქცა ექსპორტში. ზრდის მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი იყო ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი, თუმცა უფრო საინტერესოა შევხედოთ ექსპორტსა და იმპორტს ერთად და სავაჭრო ბალანსს. სავაჭრო ბალანსი გაუარესებულია იანვარსა და თებერვალში. თუმცა ეს ნაწილობრივ აიხსნება იმპორტის ერთჯერადი მნიშვნელოვანი ზრდით, რაც საკმაოდ ძვირად ღირებული ნახატების შემოტანას უკავშირდება. ეს მხოლოდ ერთჯერადად აისახება იმპორტში და შემდგომი თვეების მონაცემებში აღარ ექნება ასახვა. წინა წლების მონაცემებსაც რომ დავაკვირდეთ არის შემთხვევები, როდესაც ერთი-ორი თვე ჩავარდნაა და შემდეგ მისი აღდგენა ხდება. ამიტომ უმჯობესია, რაღაც პერიოდის შემდეგ გავაკეთოთ დასკვნები და ერთ თვეზე არ განვაზოგადოთ მომავლის პროგნოზი.’’- აცხადებს დავით კეშელავა.

ეკონომისტი აცხადებს, რომ ქვეყანაში ბოლო წლებია სავაჭრო დეფიციტი მზარდია, თუმცა ამ დეფიციტს ნაწილობრივ გზავნილები აბალანსებდა.

,,წინა წლების მაჩვენებლებს, რომ შევხედოთ სავაჭრო დეფიციტი იზრდებოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. თუმცა, სავაჭრო დეფიციტი ნაწილობრივ ბალანსდებოდა სხვა წყაროებიდან. მაგალითად, უცხოური ვალუტის შემოდინებებს თუ შევხედავთ, ბალანსდებოდა სერვისის ექსპორტით და გზავნილებით. 2022 წლის შემდეგ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ყოველწლიურად მცირდებოდა. 2024 წელს ბოლო წლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვქონდა, თუმცა ეს ტრენდები რამდენად გაგრძელდება 2025 წელს რთული სათქმელია. ეს დიდ წილად არის დამოკიდებული გეოპოლიტიკურ ვითარებაზე. რამდენად დარჩება კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის ისეთ ფაზაში, როგორიც ახლა არის.რამდენად იქნება აქტუალური ექსპორტის კომპონენტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპონენტი იყო ბოლო პერიოდებში ’’- აცხადებს დავით კეშელავა.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ქართველ ბიზნესმენებს შესაძლებლობა მისცათ პროდუქცია რუსულ ბაზარზე გაეყიდათ. რის გამოც რუსეთზე დამოკიდებულება გაიზარდა. ეკონომისტის შეფასებით, რაც უფრო მეტად დამოკიდებული ვხვდებით რუსეთზე, მით უფრო მოწყვლადი გახდება შოკების მიმართ ქართული ეკონომიკა.

,,სანქციებმა საშუალება მისცა ქართულ ბიზნესებს, რომ რაღაც პროდუქტები უფრო მეტად გაეყიდა რუსეთში. ბოლო პერიოდში რუსეთზე დამოკიდებულება გაიზარდა. ბოლო წლების მონაცემებს თუ დავაკვირდებით, რეალურად ნედლეულის ექსპორტით ან რაღაც პროდუქტების რეექსპორტით ვართ დაკავებული. თუ გაგრძელდა დაძაბული ურთიერთობა დასავლეთთან, შეიძლება უფრო მეტად შემცირდეს ევროკავშირის წილი ექსპორტში და იმპორტში და უფრო მეტად დამოკიდებული გავხდეთ რუსეთზე ან მეზობელ სახელმწიფოებზე, რაც სარისკოა. იმიტომ რომ ამ ქვეყნებში ხშირად არის კრიზისები მათი პოლიტიკური არასტაბილურობიდან გამომდინარე. რაც უფრო მეტად დამოკიდებული ვხვდებით რუსეთზე, მით უფრო მოწყვლადი გახდება შოკების მიმართ ქართული ეკონომიკა. გრძელვადიან პერიოდში შეიძლება შევეჩეხოთ მნიშვნელოვან პრობლემებს. მაგალითად, ვერ გამოვიყენოთ პოტენციალი ნედლეულის ექსპორტიორი ქვეყნიდან გადავიდეთ უფრო სხვა პროდუქტების ექსპორტზე და სხვა ჯაჭვებში რომ ჩავერთოთ. ეს უფრო და უფრო რთული გახდება პოლიტიკური კრიზისისა და დაძაბულობის ფონზე და დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობის ფონზე. მეორე საკითხი არის დივერსიფიკაცია. უფრო მეტად დამოკიდებული ვხვდებით რუსეთზე და მეზობელ სახელმწიფოებზე, რაც მოწყვლადს ხდის ჩვენს ეკონომიკას.’’- აცხადებს დავით კეშელავა.