კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise კავკასიის ეკონომიკური ზრდის მიმოხილვას აქვეყნებს.
მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის პირველ ნახევარში კავკასიის ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა, რაშიც ყველაზე მაღალი კონტრიბუცია აქვს აზერბაიჯანს, ხოლო ყველაზე დაბალი - სომხეთს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რეგიონის ზრდა 4.7% იყო.
„კავკასიის ეკონომიკურ ზრდაში, აზერბაიჯანის შემდეგ, მაღალი კონტრიბუცია - 2.4 პროცენტული პუნქტი - საქართველოს აქვს. საქართველო რეგიონში გამოირჩევა მაღალი ეკონომიკური ზრდით, რაც გამოწვეულია რუსეთ-უკრაინის ომისა და მონეტარული პოლიტიკის ეფექტით. 2024 წლის პირველ ნახევარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 9.2%-ით გაიზარდა.
მიმდინარე პერიოდის ზრდაში წამყვანი როლი მომსახურების სექტორს უჭირავს. მაგალითად, ვაჭრობა, რომელიც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 8.9%-ით გაიზარდა, მთლიანი ეკონომიკის 14%-ია, ხოლო სტუმარმასპინძლობის სექტორის ზრდამ 14.3% შეადგინა. ამ უკანასკნელის წილი კი შედარებით მოკრძალებულია, რადგან მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 3.5%-ს იკავებს. ორივე სექტორის დაკრედიტება მკვეთრად გაზრდილია. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აღნიშნულ სექტორებში დაკრედიტების ტემპი საშუალოდ 23.2%-ია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საშუალოდ 4.4%-იანი კლებით ხასიათდებოდა.
ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია სატრანსპორტო სექტორი, რომლის წილი 9.8%-ია. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აღნიშნული სექტორი 11%-ით გაიზარდა, ხოლო ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფერო, რომლის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7.2%-ს აღწევს - 16.2%-ით. ამ სექტორებში დაკრედიტების დინამიკა მაღალია. 2024 წლის პირველ ნახევარში ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში სესხების წლიური ზრდა საშუალოდ 27.1%-ია, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში საშუალოდ 14.6% იყო.
მსგავსად აზერბაიჯანისა, საქართველოშიც დაკრედიტება აჩქარებულია. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების ზრდის ტემპი საშუალოდ 19%-ია, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი საშუალოდ 4.5% იყო. დაკრედიტების ზრდა ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის მკვეთრ შემსუბუქებას უკავშირდება. 2023 წლიდან ცენტრალურმა ბანკმა, თითქმის ყველა ინსტრუმენტით, ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის გატარება დაიწყო, რისთვისაც სახაზინო ფასიანი ქაღალდების ყიდვას, სავალუტო ინტერვენციებსა და რეფინანსირებას იყენებდა. ეროვნული ბანკი 2023 წლიდან ამცირებს მონეტარული პოლიტიკის 11%-იან განაკვეთს, რომელიც ამ პერიოდისთვის 8%-იან ნიშნულზეა. ამასთან, ინფლაციის მრუდი აღმავალი გახდა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.