„მოკლევადიან სირთულეებზე როდესაც ვსაუბრობთ, პირველი ნიშნები უკვე ჩანს და დიდი ალბათობით, ეს კიდევ გაგრძელდება, კერძოდ, ლარის გაცვლითი კურსი გარკვეული ტემპით გაუფასურებას, ალბათ, გააგრძელებს“ - ამის შესახებ ISET კვლევით ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მოკლევადიან პერსპექტივაში ასევე აისახება ინფლაციაზე, ინვესტიციებსა და საპროცენტო განაკვეთებზე.
„მოკლევადიან სირთულეებზე როდესაც ვსაუბრობთ, პირველი ნიშნები უკვე ჩანს და დიდი ალბათობით, ეს კიდევ გაგრძელდება, კერძოდ, ლარის გაცვლით კურსი გარკვეული ტემპით გაუფასურებას, ალბათ, გააგრძელებს. მე ვფიქრობ, რაც მეტ ძალისხმევას გამოიჩენს [სებ-ი] და ჩაერევა, რომ დაიჭიროს კურსი შემდეგი 2-4 თვის განმავლობაში, მით უფრო მტკივნეული და მასშტაბური გაუფასურება იქნება, მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით რისკიც შეიძლება გააჩინოს. ამიტომ ის, რაც გააკეთა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პერიოდში, ალბათ, მსგავსი მონდომებით, არ მოინდომებს გაცვლით კურსის დაჭერას, იმიტომ, რომ მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი და რეზერვები, რომელსაც ის ამ მიზნობრიობით იყენებს, მნიშვნელოვნად მცირდება და საკმაოდ ახლოს არის კრიტიკულ ნიშნულთან. ამ კონტექსტში ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა შედარებით უფრო დაბალია.
რაც შეეხება საპროგნოზო მაჩვენებელს, რაღაც მომენტში ალბათ, 3 ლარს გადასცდება [დოლარის ღირებულება], თუმცა 2025 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, 3-ის ოდნავ ქვემოთ ნიშნულთან შენარჩუნდება. გადაცდენით, რაღაც მომენტში გადასცდება, მაგრამ იმედია, რომ მნიშვნელოვნად, არა.
შემდეგი ფაქტორი, ანუ გაცვლით კურსი მნიშვნელოვანია ჩვენთვის თავისი როლითაც, როგორც განმაპირობებელი ფაქტორი ინფლაციის. იმიტომ, რომ კარგად იცით, ქვეყანა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე და სწორედ ამ არხით, გაუფასურებული გაცვლით კურსით, გაძვირებული იმპორტირებული საქონლით, გავლენას მოახდენს ინფლაციაზე.
შემდეგი ეფექტი არის ის, რომ როდესაც ქვეყანა კარგავს საინვესტიციო მიმზიდველობას, მოკლევადიან პერიოდში ეს გადაითარგმნება ჩვენთვის გარკვეულ რესურსებზე ხელმისაწვდომობაში, რაც შესაძლოა, აისახოს საპროცენტო განაკვეთებზე. ამის ერთ-ერთი ფაქტორი ისიც შეიძლება იყოს, რომ თუ ინფლაცია შედარებით მაღალი ტემპებით გაიზარდა, წლის პირველ ნახევარში, ეროვნული ბანკი მინიმუმ, შეინარჩუნებს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას (ვერ შეარბილებს) და ესეც საპროცენტო განაკვეთების შედარებით მაღალ ნიშნულზე შენარჩუნების მიმართულებით მოახდენს გავლენას. რაც ბუნებრივია, თითოეულ ჩვენგანზე ახდენს გავლენას. აქ მნიშვნელოვანი ზრდა [საპროცენტო განაკვეთების] არ მგონია იყოს, უბრალოდ, სხვა შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შერბილება და საპროცენტო განაკვეთების შემცირება, მათ შორის, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაც.
ახლა რაზეც ვსაუბრობთ, ვგულისხმობ სცენარს, თუ ის სიტუაცია, რაც დღეს გვაქვს, შენარჩუნდება. თუმცა თუ, მისი მნიშვნელოვნად გაუარესება მოხდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის საგარეო ურთიერთობების კონტექსტში, ეფექტები შესაძლოა, კიდევ უფრო კრიტიკული იყოს.
მოკლევადიან პერიოდში, მე კოლაფსს [ეკონომიკურ] ვერ ვხედავ, ძალიან მცირე ალბათობა მგონია ამის, თუმცა, ჩემთვის კოლაფსია ის გრძელვადიანი ეფექტი, რაც დღევანდელ მოვლენებს აქვს. ეს არის კოლაფსი იმ პერსპექტივების, რაც ქვეყანას აქვს და რასაც ცალსახად ვერ ვიყენებთ“,- განაცხადა გიორგი პაპავამ.
შეგახსენებთ, რომ თითქმის 2 თვეა საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. ასევე კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, "ქართული ოცნების" გუნდი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესს არ დაიწყებს.
წყარო: bpn.ge