„იქნებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ აუხსნას მთავრობის მეთაურს, რომ რაც უვიზო მიმოსვლა დავიწყეთ ევროპაში, ქართველ მეზღვაურებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა“, - ვკითხულობთ საქართველოს მეზღვაურთა გაერთიანების განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მეზღვაურთა გაერთიანება დეტალურად განმარტავს ყველა იმ ბენეფიტს, რაც მათი ვიზალიბერალიზაციით მიიღეს.
„იქნებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ აუხსნას მთავრობის მეთაურს, რომ რაც უვიზო მიმოსვლა დავიწყეთ ევროპაში, ქართველ მეზღვაურებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, დასაქმდა უფრო მეტი მეზღვაური და უფრო ხელსაყრელი პირობებით!
ქართველ მეზღვაურებს თუ შენგენი დასჭირდა, ისევ ფილიპინელები და ინდოელები ჩაგვანაცვლებენ. გაქრება ის პრიორიტეტი რაც გვქონდა, სხვა ქვეყნის მეზღვაურებთან შედარებით. ყველამ კარგად იცის, რომ დღეს საზღვაო კომპანიები ყველა შაურს ითვლიან, რაც მეზღვაურის გემზე აყვანასა და დასაქმებას უკავშირდება.
კომპანიები, კონკურენციის დროს, იმ მეზღვაურს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც უფრო ნაკლებ ხარჯს მოითხოვს, ამიტომ ქართველ მეზღვაურებს უარს ეტყვიან ხშირად, ან აიძულებენ დაბალ ხელფასზე დათანხმდენ მუშაობას, როგორც ფილიპინელები და ინდოელები თანხმდებიან.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეგრე არ მოხდება, მაგრამ დღეს პრემიერმა ისე თქვა, მაგით არავის არაფერი დიდად არ დააკლდებაო, მგონი, მეზღვაურები დავავიწყდით. ჩვენ ნამდვილად დაგვეტყობა ეგ ცვლილებები“, - წერია საქართველოს მეზღვაურთა გაერთიანების განცხადებაში.