საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე თბილისში, 26 ოქტომბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAMR) დელეგაციას შეხვდა. შეხვედრის მიზანს ორ უწყებას შორის სამომავლო პარტნიორობის გაღრმავება წარმოადგენდა.

შეხვედრა ირაკლი ლექვინაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. მან დელეგატებს სააგენტოს სტრუქტურა და საქმიანობის მიმართულებები გააცნო, წარუდგინა სააგენტოს დეპარტამენტების შესაბამისი ხელმძღვანელები, ასევე სააგენტოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმეები კონკურენციის, მომხმარებლის უფლებებისა და ანტიდემპინგური ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით.

ჩინეთის დელეგაციის სახელით, მონაწილეებს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანტიმონოპოლიური პოლიტიკის პირველი დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ჟაი იუნპენმა მიმართა.

მხარეებმა იმსჯელეს კონკურენციის პოლიტიკისა და კანონმდებლობის აღსრულების მიმართულებით, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე, უწყებებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობასა და სამომავლო პარტნიორობის მიმართულებებზე, კერძოდ, განიხილეს საერთაშორისო კონფერენციებში, სამუშაო შეხვედრებსა და სხვა პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობები.
შეხვედრაზე განიხილეს GCCA-სა და SAMR-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საკითხი, ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და ფორმებზე, ასევე მემორანდუმის საბოლოო შეთანხმებისა და ხელმოწერისთვის გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მემორანდუმის გაფორმება შექმნის საფუძველს, კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით, ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და სამომავლო კოორდინაციის ფორმირებისთვის.

ჩინეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ანტიმონოპოლიური პოლიტიკის პირველი და მეორე დეპარტამენტის წარმომადგენლები. შეხვედრა მხარეების შემაჯამებელი სიტყვით დასრულდა. 

ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს