ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საქართველოს მიერ გაფორმებული სხვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებისგან განსხვავებით, DCFTA გულისხმობს როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. გარდა ამისა, DCFTA მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს და ითვალისწინებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. DCFTA-ზე მოლაპარაკებების პროცესი ოფიციალურად 2011 წლის დეკემბერში გაიხსნა. მოლაპარაკებები 2013 წლის ივლისში დასრულდა. 2014 წლის 27 ივნისს კი ქალაქ ბრიუსელში ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას. 2014 წლის 1 სექტემბრიდან, დაიწყო შეთანხმების ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებების, მათ შორის DCFTA-ს ამოქმედება.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უკვე წლებია მოქმედებს, თუმცა საქართველომ ევროკავშირის ბაზარზე თავის დამკვიდრება ჯერ კიდევ ვერ შეძლო. რა უშლის ხელს ქართულ ბიზნესებს ევროპულ ბაზრებზე თავის დამკვიდრებაში და რატომ ვერ სრულდება შეთანხმება სრულყოფილად? საკითხზე ,,კომერსანტი“ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურ მდივანს ესაუბრა. ზვიად ჭუმბურიძე სამ ძირითად მიმართულებას გამოყოფს. აცხადებს, რომ საჭიროა მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოება, მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობის უზრუნველყოფა და ქართული ბიზნესების სურვილი, შევიდნენ და თავი დაიმკვიდრონ ევროკავშირის ბაზარზე. ზვიად ჭუმბურიძე განმარტავს, რომ ამ გზაზე ბიზნესს ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერა უნდა მიეღო, რაც არ გაკეთებულა.
,,უნდა შექმნა პროდუქტი, რომელიც გარანტირებულად არის მაღალი ხარისხის. უწყვეტი მიწოდება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირის ბაზრისთვის და რეგულარული მუშაობა ექსპორტის გასაზრდელად. რეგულარულ მუშაობაში იგულისხმება ხელისუფლების მხარდაჭერა იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ევროპულ ბაზარზე. ასეთი მხარდაჭერა ხელისუფლებისგან ჩვენს ბიზნესს ნამდვილად არ ჰქონია. არც რაიმე განსაკუთრებული წამახალისებელი ქმედებები ყოფილა, თუმცა შეიძლებოდა ამის მოფიქრება ძალიან მარტივად და ეფექტიანად. შესაძლებელი იყო ბიზნესს სახელმწიფოსგან მიეღო წამახალისებელი, მხარდამჭერი აქციები და შესაძლებლობები, რომ უფრო განევითარებინა ექსპორტი ევროპულ ქვეყნებში. ეს თემა ჩავარდა და ნაკლებად იყო გამოხატული.’’- აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.
შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველომ ევროპულ ბაზარზე თავის დამკვიდრება დაიწყო. თუმცა, 2022 წლიდან ექსპორტის მაჩვენებელი შემცირების ტენდენცია ნარჩუნდება. რაც შეეხება იმპორტს, მისი წილი ვაჭრობაში ყოველწლიურად მზარდია. ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და უმჯობესია საქონელი ევროპიდან შემოვიტანოთ.
,,როდესაც ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ჩვენმა ქვეყანამ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილება იყო ევროპულ ბაზარზე ჩვენი მოკრძალებული მუდმივი ნიშის დაკავება. ამ პროცესს სჭირდება პერიოდი. ერთ და ორ წელიწადში ეს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მეტ-ნაკლებად დავიწყეთ ადაპტაცია და დამკვიდრება ევროპულ ბაზარზე. იყო პერიოდი, როდესაც მაჩვენებლები იზრდებოდა, მაგრამ თუ ავიღებთ 2022 წლიდან ექსპორტის მაჩვენებელი შემცირების ტენდენციებს აჩვენებს. იმპორტი გაიზარდა 2023-2024 წლებში. ჩვენ იმპორტს დამოკიდებული ქვეყანა ვართ და ჯობია ევროპიდან იყოს იმპორტირებული საქონელი, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან. ეს ერთი მიმართულება მეტ-ნაკლებად განვითარების გზაზეა. მაგრამ, რაც შეეხება ექსპორტს, აქ ძალიან გვიჭირს და რეალურად ჩვენი ბიზნესი ევროპულ ბაზარზე სოლიდურად ნამდვილად ვერ არის წარმოდგენილი.’’- აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურ მდივანს ვკითხეთ, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანამ ხელშეკრულებით მიღებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება შეძლოს და ევროკავშირის ბაზარზე ადგილი დაიმკვიდროს. ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, რომ საჭიროა წარმოების განვითარება და ხარისხიანი პროდუქციის შექმნა. მისივე თქმით, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელია ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება, რასაც საქართველო ბოლო წელია ვერ ახერხებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი თავად ბიზნესის მზაობა და სურვილია შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე და პროდუქცია არა დსთ-ს ქვეყნებში, არამედ ევროკავშირის წევს სახელმწიფოებში გაყიდოს.
,,ჩვენმა ბიზნესმა კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე მდგრადი, სტაბილური და განჭვრეტადი არის ევროპული ბაზარი. ამიტომ, გამოვუშვათ მაღალი ხარისხის პროდუქცია და შემდგომში დავიწყოთ ევროპული ბაზარზე ეტაპობრივად დამკვიდრება, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი. ყველა ქვეყანას (განვითარებად ქვეყნებს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში), რომელსაც უნდა, რომ ეკონომიკური წინსვლა მდგრადად დააფიქსიროს და ექსპორტიც გააძლიეროს, ყოველთვის საჭიროა შიგნით მდგრადი პოლიტიკური ვითარება. რაც ფაქტობრივად ბოლო ერთი წელიწადია ჩვენს ქვეყანას არ აქვს. ეს არის ყველაზე მძიმე გამოწვევა ევროპულ ბაზარზე დამკვიდრებისთვის. არის დსთ-ს ბაზარი, რომლის ათვისებაც გაცილებით მარტივია. ისინი ბევრ რეგულაციას არ ითხოვენ. ერთი პერიოდი ვაჭრობაში 27% მოდიოდა ევროკავშირის ქვეყნებთან და 21% დსთ-სთან. ფაქტობრივად გათანაბრებული იყო. მცირედით იყო წინ ევროკავშირის ბაზარი. მაგრამ, თუ შენარჩუნდა ეს ტენდენცია, რომელიც დღეს გვაქვს, ვამბობ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელსაც აუცილებლად თან დაერთვება ეკონომიკური კრიზისი, ჩათვალეთ, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს ჩვენგან ექსპორტირებული პროდუქციის შემცირებას. ზოგადად, ევროპულ ბიზნესს სჭირდება ევროპული მიდგომები და ქვეყნის, საზოგადოების და ხელისუფლების სურვილი, რომ ევროპულ ბაზარზე დამკვიდრდა. თუ ამის სურვილი არ არის და ისეთი განწყობაა, როგორიც დღეს მმართველ პარტიას აქვს, ჩათვალეთ, რომ ძალიან გაჭირდება და შემცირდება და ჩამოვა ისტორიულ მინიმუმამდე სულ რაღაც ერთ წელიწადში.შენ უნდა შექმნა ის წარმოება, ის პროდუქცია, რომელიც დააინტერესებს ევროპულ ბაზარს. თუ ქმნი მაღალ ხარისხიანს ის თავის თავად დააინტერესებს და იმ ბაზარზე დამკვიდრებისა და გაყიდვის პრობლემა ჩვენს ბიზნესს არ ექნება. ესეც რთული გამოწვევაა. ბიზნესს სურვილი უნდა ჰქონდეს, რომ არ წავიდეს (არ ვერჩი დსთ-ს ქვეყნებს) და არ გაყიდოს ყირგიზეთში და პირობითად გაყიდოს ჩეხეთში. ჯობია, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია მოხდეს. ესეც რთული პროცესია. აქაც შეიძლებოდა, რომ წინა წლებში ხელისუფლებას უფრო დადებითი როლი ეთამაშა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ითამაშა ეს როლი.’’- აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროპულ ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად არა მხოლოდ ევროკავშირთან, არამედ მის წევს სახელმწიფოებთან ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პოტენციალის გამოყენებას ნაკლები პერსპექტივა ექნება.
,,ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა დღეს ევროპულ ბაზართან და ევროპულ სივრცესთან თანამშრომლობაში არის პოლიტიკური არასტაბილურობა. გვჭირდება, რომ პოლიტიკურად დავლაგდეთ ევროპულ ქვეყნებთან, როგორც ევროკავშირის ჭრილში, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში. თუ ასე არ იქნა, მერწმუნეთ, რომ თავისუფალ ვაჭრობას, ამ განზომილებას უკვე ნაკლები პერსპექტივა ექნება. რა თქმა უნდა ეს იარსებებს, ექნება საშუალება ყველა ბიზნესმენს, რომ აქტივობა გამოიჩინოს, მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობების პროცესი გამოიწვევს შემცირებას. ქვეყნებთან ორმხრივ თანამშრომლობაში თუ აქტიურობა არ გაქვს, ვიზიტები თუ არ გაქვს, ინტერესი თუ არ დააფიქსირა შენმა ხელისუფლებამ, რა განვითარებაზე იქნება საუბარი. ერთადერთი გამოსავალი არის, რომ ჩვენი მიდგომები, საგარეო პოლიტიკური ვექტორი რაც გვქონდა 30 წლის მანძილზე, ის ისევ ისე უნდა გაგრძელდეს. თუ ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატი არ გექნება, როგორი ურთიერთობა გექნება პარტნიორ ქვეყნებთან, რომელთანაც ტრადიციულად გაქვს აქტიური პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. თუ ვერ შევძელით და მმართველი პარტია ვერ შეძლებს, რომ ეს ურთიერთობები დაალაგოს, ჩათვალეთ, რომ პერსპექტივა ევროპულ ბაზარს დღითი დღე და ძალიან მოკლე პერიოდში შეუმცირდება.პოლიტიკური სტაბილური ვითარება არის გარანტია და საფუძველი იმისა, რომ ეკონომიკა განავითარო და ევროპელ პარტნიორებთან ერთად გადადგა ქვეყნისთვის გამაძლიერებელი ნაბიჯები.’’- აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.