საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები III კვარტალში 55.2%-ით შემცირდა. წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ აღნიშნულ პერიოდში 197.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 55.2 %-ით ნაკლებია.

ეკონომისტი დავით კიკვიძე ,,კომერსანტთან’’ საუბარში აცხადებს, რომ ინვესტიციების შემცირების ტენდენციის გაგრძელება ე.წ. ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, რასაც ლარის კურსის გაუფასურება მოჰყვება. მისივე შეფასებით, ინვესტიციების შემცირება უარყოფით ეფექტს იქონიებს ინფლაციაზეც.

,,ჩვენი ეკონომიკის აქილევსის ქუსლად ითვლება უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. ინვესტიციების შემცირება კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას. ფაქტობრივად, ქვეყანა 80% დამოკიდებულია იმპორტზე და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდება. მეორე, ინვესტიციების შემცირება მნიშვნელოვნად იმოქმედებს ლარის კურსზე. რადგან, მოგეხსენებათ ლარის კურსის ბალანსის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი წყარო უცხოური ინვესტიციები და სავალუტო შემოდინებებია. უცხოური ინვესტიციებიდან შემოსული სავალუტო შემოდინებები მნიშვნელოვნად მოქმედებს ლარის კურსის სტაბილურობაზე. ეს ე.წ. ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს. რაც თავის თავად იმოქმედებს ინფლაციაზე. მოგეხსენებათ, რომ ლარის კურსის გაუფასურება პირდაპირ პროპორციულად, როგორც წესი აისახება ინფლაციის მაჩვენებელზე. შესაბამისად, ქვეყანას მოუწევს ახალ ეკონომიკურ წყობილებაზე გადასვლა. ასე ვთქვათ, გადაწყობა ახალი ინფლაციის პირობებში.’’- აცხადებს დავით კიკვიძე.

ეკონომისტი ამბობს, რომ არასტაბილური პერიოდის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანაში ახალ ეკონომიკურ წყობილებაზე გადასვლის საჭიროება დადგება.

,,ინფლაციას ეროვნული ბანკის მხრიდან მოჰყვება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები. თავის თავად ეკონომიკის ზრდაზე საუბარი აღარ იქნება. მაშინ, როდესაც მთავრობა თავს იწონებს მაღალი ეკონომიკური ზრდით, თუმცა ამ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები სამწუხაროდ არ ასახავს რეალურ სიტუაციას ეკონომიკაში. ეს სიტუაცია თუ გაგრძელდა კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ეკონომიკური კრიზისი. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური კრიზისი გადაიზრდება ეკონომიკურ კრიზისში.’’- აცხადებს დავით კიკვიძე.