ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორის ირაკლი გალდავას განცხადებით, დღეის მდგომარეობით ენერგეტიკულ ბირჟაზე 17 კომპანიაა რეგისტრირებული.
როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნა, ბაზარზე არსებობს მოთხოვნა, თუმცა მიწოდების ნაკლებობაა.
"2024 წლის 1-ელი ივლისიდან ენერგეტიკულ ბირჟაზე ამოქმედებულია ვაჭრობა. მონაწილეებს შეუძლიათ იყიდონ და გაყიდონ ელ.ენერგია.
ზაფხულში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამოქმედებულიყო გარდამავალი მოდელი. პირველი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა პოლიტიკის განმსაზღვრელების გადაწყვეტილებით - ეს იყო სავაჭროდ ელექტრო ენერგიის ბირჟის გაშვება. ამავდროულად აქვე გაკეთდა დათქმა, რომ პირველ ეტაპზე ბირჟაზე ვაჭრობის უფლება ჰქონდათ მხოლოდ იმ მწარმოებლებს, რომლებსაც ერთის მხრივ არ ჰქონდათ საჯარო მომსახურების ვალდებულება დაკისრებული, რაც ნიშნავს, რომ არ ჰქონდათ დადგენილი ტარიფი კომისიის მიერ და მეორეს მხრივ კონკრეტული პერიოდისთვის, რისთვისაც უნდა ევაჭრათ ბირჟაზე, არ ჰქონდათ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება.
ბაზარზე არსებობს მოთხოვნა, მაგრამ ვხედავთ მიწოდების ნაკლებობას. ვხედავთ, რომ გვყავს კომპანიები, რომლებიც მზად არ არიან ელექტროენერგია გაყიდონ. რა თქმა უნდა ეს არის გამოწვევა, რომლის გადაჭრაზეც უნდა ვიფიქროთ, რათა გადაიდგას ნაბიჯი სამიზნე მოდელისთვის", - აცხადებს ირაკლი გალდავა.