დაპაუზებული ჰესების პროექტებზე მთავრობამ საუბარი განაახლა. ეკონომიკის მინისტრი საზოგადოებას ნამახვანის პროექტის დაბრუნების პირობა მისცა, თუმცა მარიამ ქვრივიშვილი პრიორიტეტად ამ ეტაპზე ხუდონს ასახელებს.
ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა ამბობს, რომ ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ხუდონის არეალში დაგეგმილი ყველა შესაძლო ენერგეტიკული პროექტი შეაფასა. მისი განცხადებით, კვლევა შეჩერდა ე.წ. „ძველ ვარიანტზე“, რომელიც 702-მეგავატიან სიმძლავრეზეა გათვლილი და არსებულ ალტერნატივებს შორის საუკეთესოა.
მირცხულავას განმარტებით, აღნიშნული პროექტი ენერგეტიკულად და ეკონომიკურად ყველაზე ეფექტიანია, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად განსახლების აუცილებლობას გულისხმობს.
“ენერგეტიკის განვითარების ფონდში ჩატარდა შესწავლა ყველა პროექტის, რომელიც ხუდონის არეალში და ენგურის - ჩვენი მთავარი ენერგეტიკული მდინარის არეალში არის. გაკეთდა შეფასებები ყველა ადრე არსებული შესწავლების და შეჩერდა ეს კვლევა ერთ-ერთ ყველაზე კარგ და ოპტიმალურ პროექტზე. ეს არის ძველი ვარიანტი ხუდონის, ეს არის 702-მეგავატიანი პროექტი, რომელიც, ჩემი პირადი აზრით, სუბიექტურ აზრადაც ჩამითვალეთ, ყველაზე კარგი პროექტია ყველა არსებულს შორის.
განხილვა მოხდა ყველა ვარიანტის. რეალურად იქ თითქმის არცერთი პროექტი არ იყო, სადაც არ იქნებოდა გარკვეული განსახლების განხორციელების აუცილებლობა. შერჩეული ეს ძველი პროექტი არის ენერგეტიკულად, ეკონომიკურად ყველაზე ეფექტიანი პროექტი. აქედან გამომდინარე, დღესდღეობით არის სწორედ ძველ პროექტზე საუბარი.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება ბუნებრივია გაზრდილია, იმიტომ რომ საერთოდ ახლა ჰიდროენერგეტიკაში მსოფლიოში მშენებლობის ღირებულება მეტი ჯდება. საბოლოო შეფასება გასაკეთებელია, მაგრამ ის საწყისი პროექტი სადღაც 900 მილიონ დოლარამდე ჯდებოდა. დაზუსტების შემდეგ ეს ხარჯთაღრიცხვები იქნება გადათვლილი და ალბათ სადღაც მილიარდ დოლარამდე, ცოტა მეტიც შეიძლება დაჯდეს ეს პროექტი,”- აცხადებს ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა.
კითხვაზე ვინ უნდა განახორციელოს პროექტი სახელმწიფომ თუ კერძო ინვესტორმა, მირცხულავა გვიხსნის, რომ დაპაუზებული პროექტების გამოცდილება ქვეყანამ გაკვეთილად უნდა გამოიყენოს და მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის გათვალისწინებით, მასშტაბური პროექტების სადავეები პირველ ეტაპზე სახელმწიფომ თავად უნდა მართოს.
“ბუნებრივია, მრავალი აზრია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ საწყის ეტაპზე მიმაჩნია რომ ყველა რისკი რომ იყოს აცილებული პოტენციური ინვესტორისგან, უმჯობესია, რომ პროექტი სახელმწიფომ დაიწყოს. მით უმეტეს, თუ ხუდონის ვარიანტს ვამბობთ, სახელმწიფოს გამოსყიდული აქვს ეს პროექტი. ამავდროულად, არის ძალიან ბევრი რამ გაკეთებული ამ პროექტში, რომლის გამოყენება იგეგმება და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მათი ღირებულება სადღაც 2015 წლის შეფასებით იყო სადღაც 150 მილიონ დოლარამდე. დღევანდელი შეფასებით ეს გაცილებით მეტი იქნება. ამიტომ ფაქტია, სახელმწიფო ამ ქონებით შედის პროექტში. მიმაჩნია, რომ იგივე სოციალური პრობლემების მოგვარება, იგივე ვთქვათ დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ეს სახელმწიფოს გასაკეთებელი იქნება და ამ შემთხვევაში გაცილებით ადვილი იქნება სტრატეგიული ინვესტორის მოძებნაც,”- ამბობს ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა.