საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა პირველ კვარტალშიც მცირე მოცულობის იყო. ბირჟაზე მარტის თვეში ჯამში 1789,4 მგვტ.სთ ელექტროენერგია გაიყიდა, რომლის საშუალო შეწონილი ფასი 150.79 ლარი/მგვტ.სთ იყო. ამავე პერიოდში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი ქვეყანაში 167.2 ლარი/მგვტ.სთ იყო (16.7 თეთრი კვტ.სთ).
ენერგეტიკული ბირჟის კვარტალურ ანგარიშში წერია, რომ 21-მა კომპანიამ ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად, საბალანსო დენის ფასთან შედარებით ჯამში 30 ათასი ლარი დაზოგეს.
პირველი კვარტალის განმავლობაში ყველაზე დიდი მოთხოვნა 2,430.2 მგვტ/სთ 21 თებერვალს დაფიქსირდა, რაც დღის განმავლობაში მთელი მოთხოვნის (47,153 მგვტ/სთ) 5.2%-ს შეადგენდა. უშუალოდ აპრილში (23 აპრილის მდგომარეობით) 13640.3 მეგავატი ელექტროენერგია იქნა გაყიდული, რომლის საშუალო შეწონილი ფასი 151 ლარია მგვტ.სთ-ზე (15.1 თეთრი კვტ,სთ-ზე).
ენერგეტიკული ბირჟის გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე მუშაობს. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე. ივლისიდან ვაჭრობა პლატფორმაზე სრულყოფილად უნდა დაიწყოს. დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი. სამიზნე მოდელში გათვალისწინებულია ასევე საათობრივი დაბალანსების ვალდებულება.