ენგურჰესის რებილიტაციის შედეგად წლიური გამომუშავება 30-ზე მეტით გაიზარდა - ამის შესახებ ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,ბიზნეს პალიტრა" ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.
„ენგურჰესის რეაბილიტაცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ფარგლებშიც გარდა იმისა, რომ შეკეთდა გვირაბზე არსებული ბზარები და შესაბამისად, შემცირდა დანაკარგები, კიდევ სხვა ტიპის რეაბილიტაციაც განხორციელდა. იგივე წყალმიმღებების ელექტრული ნაწილის და დამხმარე ინფრასტრუქტურის აღდგენა. ჯამში, ამ ყველაფერმა მოგვცა საშუალება, რომ თითქმის 30%-ზე მეტად არის გაზრდილი ენგურჰესის წლიური გამომუშავება.
ძალიან მალე დავდებთ ახალ ინფორმაციასაც და განვაახლებთ მონაცემებს. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს რეზერვუარის აქტიური შევსება და მისი ერთი ნაწილის გამოყენება. ანუ, ხდება ელექტროენერგიის გამომუშავებაც და წყლის დონის აწევაც", - ამბობს სემეკის ხელმძღვანელი.
ნარმანია ენგურჰესის გამომუშავებული ენერგიის აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის გაყოფის შესახებ სიტყვიერ შეთანხმებასაც გამოეხმაურა.
,,რაც შეეხება აფხაზეთთან ელექტროენერგიის გაყოფის ფორმულას, პროპორცია შენარჩუნებულია 60/40-ზე. ასე იქნება მომავალშიც. მიუხედავად იმისა, გაეზრდებათ თუ არა მოხმარება მაინინგის ან სხვა რამის გამო. თუ იზრდება მოხმარება, იზრდება დეფიციტიც, რისი დაბალანსებაც რუსეთიდან ელექტროენერგიის შემოტანით უწევთ. შეთანხმება ძალაშია და არ ნიშნავს, რომ რამის გამო დანარჩენ საქართველოს ნაკლები უნდა დარჩეს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.