სალიზინგო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, სალიზინგო ბაზარი დღეს სხვა კომპანიებისგან და ფიზიკური პირებისგან განსხვავებული წესით იბეგრება, რაც სექტორს გარკვეულწილად არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს. საუბარია, ქონების გადასახადის დაანგარიშების პრინციპზე, რომელიც თავად სალიზინგო კომპანიებთან შეთანხმებით იყო დადგენილი, თუმცა როგორც სალიზინგო კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გვანცა გვიჩია „კომერსანტთან“ ამბობს, ეს შეთანხმება 2010 წელს მოხდა, მას შემდეგ კი სალიზინგო ბიზნესის პორტფელი 10-ჯერ გაიზარდა.
„მართალია არსებული საგადასახადო სისტემა თავად სალიზინგო კომპანიების იდეა იყო, თუმცა ეს 2010 წელს მოხდა და იმ დროისთვის პორტფელი 100 მილიონ ლარსაც არ აღემატებოდა; დღეს 700 მილიონი ლარია და შესაბამისად, ბაზარს სხვა მოთხოვნები აქვს. ბიზნესი, რომელიც ლიზინგით სარგებლობს უფრო ინსტიტუციური გახდა.
ჩვენი მოთხოვნა უშუალოდ ადმინისტრირების საკითხს შეეხება, რომლის მიხედვითაც, თუ ლიზინგის მიმღები დამოუკიდებლად მიიღებს სალიზინგო აქტს, ამ შემთხვევაში, სხვანაირად იბეგრება ხოლო თუ ლიზინგით ფლობს სალიზინგო აქტივს, სხვანაირად; შესაბამისად, ამ გადასახადს კანონმდებლობა კლიენტს აკისრებს. თუ კლიენტის სალიზინგო პერიოდი 3 წელიწადს აღემატება, ამ შემთხვევაში ქონების გადასახადი გაცილებით მეტი ტვირთია, ვიდრე ლიზინგის მიმღებს ექნებოდა გადასახადი საკუთრებაში რომ ჰქონოდა აქტივი. თუ ლიზინგის მიმღები არჩევანს აკეთებს აქტივი ლიზინგით აიღოს თუ საკუთარი რესურსით ან სესხით იყიდოს, გრძელვადიან ლიზინგზე მინიმუმ ქონების გადასახადი, დამატებით ტვირთს წარმოადგენს, არაფერი რომ არ ვთქვათ საპროცენტო განაკვეთსა და სხვა ხარჯებზე. მხოლოდ ქონების გადასახადი, შეიძლება იყოს ლიზინგისვის დამაბრკოლებელი“,- აღნიშნა გვანცა გვიჩიამ.
სალიზინგო ბაზრის გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებებზე სექტორი ერთხმად თანხმდება, გვანცა გვიჩიას ინფორმაციით, შესაბამისი თხოვნით ფინანსთა სამინისტროს უკვე მიმართეს.
„სალიზინგო კომპანიებს ქონების გადასახადის ათვლა საწყისი ღირებულებიდან უწევთ, ჩვენ გვინდა, რომ ეს გადასახადი იმ გადასახადთან იყოს შესაბამისობაში, რომელიც ბიზნესს აქვს; რამდენიმე წლიანი ლიზინგის შემთხვევაში კანონმდებლობა სალიზინგო ნივთის ცვეთას ან სხვა გარემოებებს არ ითვალისწინებს და გადასახადი მაინც ნივთის პირველადი ღირებულებიდან აითვლება. ეს ფაქტი კი სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს, რისი აღმოფხვრაც მგონია, რომ ყველას ინტერესშია.
ფინანსთა სამინისტროში ჩვენ მოთხოვნებს იზიარებენ; მათი თქმით ქონების გადასახადის საკითხს ფართო სურათით უყურებენ და ეს სისტემა ერთიანად განიხილება. იმედი გვაქვს, ჩვენთვის ამ ყველაფერს დადებითი შედეგი მოჰყვება“,- აღნიშნა სალიზინგო კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორი, გვანცა გვიჩიამ “კომერსანტთან” ინტერვიუში.