საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანია, როგორც ჩანს, ილონ მასკის მთავარ დაპირებას მაინც აღასრულებს. დაანონსებიდან, მართალია, არასრული ცხრა წელი გავიდა და თავად ტექნოლოგიამ ოთხი წლით დაიგვიანა, მაგრამ 2025 წლის დასაწყისიდან, Tesla-ს ავტომობილები სრული ავტოპილოტის რეჟიმით აღიჭურვებიან. აღნიშნული სერვისი, ცხადია, ფასიანი იქნება და პირველად, ის მხოლოდ ევროკავშირში და ჩინეთში გამოჩნდება, მაგრამ ამისთვის, ილონ მასკის კომპანიამ ჯერ შესაბამისი მარეგულირებლებისგან მწვანე შუქი უნდა მიიღოს.

სრული ავტოპილოტის რეჟიმი, რომელსაც ინგლისურად Full Self-Driving, ანუ FSD ეწოდება, ილონ მასკის მიერ Tesla-ში დაწყებული AI-რევოლუციის ქვაკუთხედია, რადგან თუ მილიარდერი ამბობს, რომ Tesla ხელოვნური ინტელექტის კომპანიაა და არა - ავტომობილების, მოწყობილობებს, რომლებსაც ის ქმნის, ავტონომიურად გადაადგილება უნდა შეეძლოთ. თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ FSD-რეჟიმის დროსაც კი, ავტომობილის მძღოლი ვალდებულია საჭესთან იჯდეს, გზას უყუროს და საჭიროების შემთხვევაში, ავტომობილის მართვა ჩაიბაროს.

ილონ მასკის ამ განცხადებას Tesla-ს ინვესტორები დადებითად შეხვდნენ, რაც კომპანიის აქციების 6%-იან გაუფასურებაზე აისახება. ბოლო პერიოდში, Tesla-ს ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდა, რითაც ნაწილობრივ აღმოიფხვრა ის არარეალიზებული წაგება, რომელიც ილონ მასკის კომპანიამ მისი აქციების გაუფასურებით მიიღო. ბოლო ერთ თვეში, Tesla-ს აქციების ფასმა 15%-ით იმატა, ექვსთვიან ჭრილში კი, ზრდა 30%-ის ტოლია. მიუხედავად ამისა, ერთწლიან პერიოდში, Tesla-ს აქციები თითქმის 9%-ითაა გაუფასურებული.

წყარო: bm.ge