„ძალიან ცუდია რასაც აკეთებენ. აღარ იცის მთავრობამ, როგორ მოსპოს ხალხი. ბევრ კომპანიას ისედაც პრობლემები აქვს და ცდილობს ნელ-ნელა აეწყოს. ამ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ კი არავინ იცის, რა იქნება. სავარაუდოდ, ბევრი დაიკეტება“, - ამის შესახებ ქიმწმენდის ობიექტის „სმარტ ქლინის“ მფლობელმა ლევან თუმანიშვილმა „კომერსანტთან“ ახალ რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქიმწმენდის ობიექტისთვის დამოუკიდებელი შენობის მოძიება დედაქალაქში იმდენად რთულია, რომ ბევრ კომპანიას დაკეტვა ან გარეუბნებში გადანაცვლება მოუწევს, რაც დიდი ხარჯებთანაა დაკავშირებული.
„თითქმის არავის აქვს ცალკე მდგომი შენობა და ყველა არის კორპუსის ქვეშ განთავსებული. მე პირადად, მაქვს ფართი დამოუკიდებელ შენობაში ნაქირავები ვარკეთილში და ჩემთვის დიდად არაფერი შეიცვლება ამ რეგულაციებით, მაგრამ მათ, ვინც ადგილმდებარეობა უნდა შეიცვალოს, ძალიან გაუჭირდებათ მუშაობის გაგრძელება.
თბილისში ყველა პატარა ადგილასაც კი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს. აღარ დარჩა თავისუფალი ადგილები, სადაც ადამიანმა შეიძლება შენობა ააშენოს. შესაბამისად, ბევრი ქიმწმენდა დაიხურება, უკეთეს შემთხვევაში კი ბიზნესებს მოუწევთ, თავიანთი ობიექტები მიმღებ პუნქტებად გადააკეთონ, ქიმწმენდისთვის შენობები კი გარეუბნებში, კორპუსებისგან შედარებით თავისუფალ ადგილებში მოძებნონ. ეს პროცესი დიდ ხარჯებათან იქნება დაკავშირებული. ამიტომ ბიზნესისთვის ეს ახალი რეგულაციები მძიმე იქნება“, - აღნიშნა ლევან თუმანიშვილმა.
„კომერსანტი“ ქიმწმენდის ქსელ „ბონჯორნოსაც“ დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ ახალ რეგულაციებს ჯერ არ გასცნობიან და იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, კომპანიამ შესაბამისი ცვლილებები იურისტთან უნდა განიხილოს.