Colliers Georgia-ს განახლებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში თბილისში 19,477 ბინა გაიყიდა. ბაზრის ზომა წლის პირველი ნახევრისთვის 5%-ით, $1 318 340 702-მდე გაიზარდა. საცხოვრებელი ბინების გაყიდვები კი წლიურად 3%-ით შემცირდა.

2024 წლის იანვარ-ივნისში უძრავი ქონების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი $1 063-ი იყო, ტრანზაქციების საერთო რაოდენობა - 41,198.

2024 წლის ივნისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 12%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 6 და 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

საანგარიშო პერიოდში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 3%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით მაჩვენებელი 15%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილ გასაყიდი ფასს, 12%-ით გაიზარდა გარეუბნებში. ხოლო ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში - 11% და 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა.