პანდემიის შემდეგ, სინქრონული და წერილობითი თარგმანის ფასები არ გაზრდილა, გაიზარდა ნოტარიალურად დამოწმებული და თარგმნილი დოკუმენტების ღირებულება. ამას გარდა, ქვეყანაში რუსი მიგრანტების შემოდინების ფონზე, გაზრდილია პასპორტისა და სასკოლო დოკუმენტების რუსულიდან ქართულად თარგმნის ტენდენცია. ცალკეულ შემთხვევებში, თარჯიმნები და კომპანიები, რომლებიც თარგმანზე მუშაობენ აცხადებენ, რომ ფასებზე გავლენა მოახდინა ვალუტის კურსმა და, ბოლო პერიოდში, ლარის გამყარების გამო, თარგმანის ფასი დოლარში 20%-ით გაიზარდა, ლარში კი იგივე დარჩა.
„სინქრონული თარგმანის ფასები საათში 100-დან 400 დოლარამდე მერყეობს, გააჩნია ენას, თემას, ვინ არის დამკვეთი და ვინ თარგმნის“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ შპს „მთარგმნელობით აპარატურა პლუსის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ეკა ჩოჩუა-ასკურავამ სინქრონული და წერილობითი თარგმანის ფასებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, წერილობითი თარგმანის შემთხვევაში ფასები საკმაოდ მრავალფეროვანია და 3-ლარიდან 25 ევრომდე მერყეობს.
„სინქრონული თარგმანის 1-საათიანი მომსახურების ღირებულება 100 დოლარიდან 300-400 დოლარამდეა, გააჩნია ენას, თემას და იმას, ვინ თარგმნის. ზოგადად, ქვეყანაში, უმეტესწილად, მოთხოვნა ინგლისურ ენაზეა. რაც შეეხება წერილობით თარგმანს, 3 ლარიდან იწყება და 25 ევრომდე ადის. აქაც მეტი მოთხოვნა ინგლისურზეა, რუსულ ენაზეც წამოვიდა მოთხოვნა, თუმცა დოკუმენტების თარგმანს ბევრ სხვა ენაზეც ვაკეთებთ.
ფასების ტენდენციას რაც შეეხება, მნიშვნელოვანია, ვინ არის შემკვეთი და როგორი ბიუჯეტი აქვს. სახელმწიფო ტენდერები ბევრად უფრო იაფია, რაც შეეხება კერძო და საერთაშორისო კომპანიებს, ოდნავ მაღალი ფასი გვაქვს“, - განაცხადა ეკა ჩოჩუა-ასკურავამ.
Caucasus Translations-ის CEO სანდრა გუტბერგა აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში თარგმანის ფასები არ გაზრდილა, მაგრამ მკვეთრად მოიმატა ნოტარიალურად დამოწმებული დოკუმენტების თარგმნის ღირებულებამ და მზარდია მოთხოვნა პასპორტებისა და სასკოლო დოკუმენტების რუსულად თარგმნაზე.
„4-5 წლის წინ 1 ნათარგმნ დოკუმენტში (რამდენი გვერდიც არ უნდა ყოფილიყო) მაქსიმუმ 8 ლარს იხდიდით, ახლა ყოველი თარგმნილი გვერდის ფასი 4 ლარია. მაგალითად, 1 ნოტარიალურად დამოწმებული დოკუმენტის საშუალო ფასი 13-18 ლარი გახდა.
ამას გარდა, ბოლო 1 წლის განმავლობაში ძალიან გაიზარდა მოთხოვნა რუსული ენაზე პასპორტებისა და სასკოლო დოკუმენტების თარგმანზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, კორპორაციული კლიენტებისთვის ყველაზე ხშირად გამოიყენება ინგლისური ენა“, - აცხადებს სანდრა გუტბერგა.
მისი თქმით, ფასები მაინც დამოკიდებულია დოკუმენტების სპეციფიკასა და მომსახურების ხასიათზე - მხოლოდ თარგმანი კეთდება, რედაქტირება, კორექტირება, დამოწმება, თუ სხვა რამ.
„კომერსანტთან“ საუბრისას ფრილანსერი თარჯიმანი, სალომე ჯაფიაშვილი აცხადებს, რომ ის ინგლისურ, გერმანულ, რუმინულ და რუსულ ენებზე მუშაობს და სინქრონული თარგმანის მომსახურების ფასები დაახლოებით 100-დან 140 დოლარამდე იცვლება საათში. მისი თქმითაც, აქაც გადამწყვეტ როლს თემატიკა, სამუშაოს ხანგრძლივობა და სირთულე თამაშობს.
„ოდნავ უფრო ძვირია, შედარებით იშვიათი ენებიდან, მაგალითად - გერმანულიდან და რუმინულიდან თარგმნა. თუ ბაზარზე ინგლისურიდან სინქრონული თარგმანის ფასი საათში 100 დოლარიდან იწყება, გერმანული და რუმინულიდან სინქრონული თარგმანი 120-140 დოლარი ღირს. როცა ხანგრძლივი სამუშაოა, წყვილში ვმუშაობთ და საათი 180-200 დოლარია ფასი. ყველაზე მეტი მოთხოვნა მაინც ინგლისურზეა“, - აცხადებს თარჯიმანი.
მისი თქმით, სინქრონულ თარგმანის ფასზე გავლენა ახდენს დოლარის კურსი. ბოლო პერიოდში დოლარში ანაზღაურება 20%-ით, 100-დან 120 დოლარამდე გაიზარდა, მაგრამ ლარში ფასი არ შეცვლილა.
„წერილობით თარგმანზე ჭრელი ფასებია, ზოგი 5 ლარად აკეთებს, ზოგი - 35-40 ლარად, დამწყებ მთარგმნელს სხვა ფასი აქვს, გამოცდილს - სხვა. აქაც მოთხოვნა უფრო მეტად ინგლისურზეა“, - აცხადებს სალომე ჯაფიაშვილი.
Gadatargmne.ge-ს დამფუძნებელი გვანცა გადელია აცხადებს, რომ გვერდის თარგმნის საშუალო ღირებულება 20-25 ლარია, თუმცა ფასის დადგენაში გადამწყვეტ როლს ტექსტის სპეციფიკა და სირთულე ასრულებს. მისი პრაქტიკიდან გამომდინარე, უფრო მეტად მოთხოვნა ინგლისურ ენაზეა, თუმცა, ნებისმიერ ენაზე ასრულებენ სამუშაოს.
ონლაინ მთარგმნელობითი ბიურო etargmna.ge მსურველებს 28 ენაზე სთავაზობს თარგმნას. აქ 1800 სიმბოლოს თარგმნა 12 ლარი ღირს, ამას ემატება სანოტარო მომსახურების ტარიფი. მთლიანობაში, გვერდის თარგმნა საშუალოდ 15 ლარი ჯდება.