ადგილობრივ ბაზარზე 1 კილოგრამი ბლის ფასი 80 ლარს აღწევს. „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი "ბიზნესპარტნიორთან"  განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ბაზარზე ძირითადად იმპორტირებული და სპეციალურ სათბურებში მოყვანილი ბალია წარმოდგენილი, რის გამოც პროდუქტი ძვირია.

მისივე თქმით, კლიმატური პირობების გაუმჯობესებისა და ადგილობრივი მოსავლის გამოჩენის შემდეგ ფასები შემცირდება, თუმცა შარშანდელთან შედარებით პროდუქცია მაინც, საშუალოდ, 10-15%-ით გაძვირებული იქნება.

"ბაზარზე იმპორტირებული ბალია და შეიძლება, რომ ამ ეტაპზე, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ეგზოტიკურ ხილად ჩაითვალოს. ღია გრუნტის პირობებში ბალი ჯერჯერობით არ არის იმ პირობებში, რომ გამოსადეგი იყოს. ეს არის არის სპეციფიკურ სათბურებში მოყვანილი და მაგიტომაც ღირს ძვირი. პროდუქცია არის ძალიან ცოტა და შესაბამისად, ფასი არის მაღალი. 

ღია ბაზრის პირობებში როდესაც არ არსებობს კონკურენცია, რა თქმა უნდა, მოთხოვნა-მიწოდება არეგულირებს ფასს. მე არ მგონია, რომ ახლა მოსახლეობის დიდი ნაწილი ყიდულობდეს 80-ლარიან ბალს, თუმცა ეს ფასიც ძალიან პირობითი და ყოველდღიურ რეჟიმში ფასი შეიცვლება და კლიმატური პირობების გაუმჯობესების შემდეგ შემცირდება.

ზოგადად, მომატებული ფასები შარშანდელთან შედარებით სახეზე იქნება, რადგან მთლიანობაში ფასწარმოქმნის ყველა კომპონენტი გაძვირებულია და ვერც ადგილობრივი ფერმერი და ვერც იმპორტიორი იაფად ვერ გაყიდის. ანუ, მიმდინარე პერიოდის ფასებთან შედარებით ყველა მიმართულებით დაიკლებს ფასები, რადგან ადგილობრივი პროდუქცია გამოჩნდება ბაზარზე, თუმცა მთლიანობაში ფასწარმოქმნის ყველა კომპონენტის გაძვირებიდან გამომდინარე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასები, დაახლოებით, 10-15%-ით გაძვირებული იქნება" - ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

ცნობისთვის, ადგილობრივ  ბაზარზე 1 კილოგრამი ბლის ფასი 80 ლარს აღწევს. 

წყარო: bp.ge